"როცა არჩევნების დღე იყო და მივედი, ხმა მივეცი, ჩემს გარშემო ვინც იყო, სანათესაო, სამეგობრო, ყველა "გავაგდე" არჩევნებზე, მთელი ღამე გავათიე არჩევნების შედეგების მოლოდინში, ჩვენი ეთერის ყურებაში და აღმოჩნდა, რომ ჩემი ბიულეტენი დამახიეს თავზე", - "მთავარი არხის" წამყვანი ლევან ფირანიშვილი არხის გენდირექტორის, ნიკა გვარამიას შეკითხვაზე "რატომ მთავრდება შენი კლუბური ცხოვრება და რატომ იწყება მიტინგური?" ამ და სხვა მიზეზებს ასახელებს და ამბობს, რომ 8 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე მიდის.
არ მესმის ჩემ გარშემო იმ ახალგაზრდების, რომლებიც ამბობენ, რომ აპოლიტიკურები არიან. როგორ შეიძლება, ამ ქვეყანაში იყო აპოლიტიკური და აზრის გამოთქმის სურვილი არ გქონდეს იმ პროცესებზე, რაც ხდება. შესაბამისად, ხვალ აუცილებლად მივდივარ აქციაზე. 22 წლის ვარ და მეც ამ ქვეყანასთან ერთად ვვითარდებოდი, მაგრამ ბოლო წლებია, განვითარებას ვერ ვხედავ, ერთ ადგილზე ვდგავართ და ვიბრუნებთ პოსტსაბჭოთა ქვეყნის სტატუსს, სადაც გვიზის "პუტინი2" და თუ უკრაინა გამოვიდა ამ სივრციდან, ბელარუსს თუ აქვს იმის ძალა, რომ გააპროტესტოს, იქ "ბატია" (ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტიკური მეტსახელი, - რედ.) რომ უზით, ჩვენც ვიმსახურებთ ამ სივრციდან გამოსვლას", - ამბობს ლევან ფირანიშვილი ნიკა გვარამიას სპეცეთერში.
შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა, ცესკომ არარეალური შედეგები გამოაქვეყნა, რასაც არჩევნებიდან რამდენიმე საათში პროტესტი მოჰყვა.
ოპოზიცია მასობრივ გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაყალბების დამადასტურებელ ფაქტობრივ მტკიცებულებებს აწვდის. ეუთო/ოდირის, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით, უმეტესწილად, კრიტიკული იყო.
საქართველოს ისტორიაში პირველად, ყველა ოპოზიციური ძალა ერთხმად უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე.
აქვე, შეგახსენებთ, რომ კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიცია არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქციას მართავს.