მოპარული არჩევნების გამო, დღეს, 8 ნოემბერს, 3 საათზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო მასშტაბური, აქცია გაიმართება. ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქებიის საერთო მოთხოვნაა, ჩატარდეს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები.
ოპოზიციური ლიდერები აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას, რადგან მათი თქმით, ეს არის დღე, როდესაც საბოლოოდ უნდა ვუთხრათ უარი გაყალბებულ არჩევნებს, ადამიანების მოტყუებასა და შანტაჟს.
"დღს ყველა ის ადამიანი გამოვა ქუჩაში, ვინც თვლის, რომ ის უბრალოდ დააყაჩაღეს, 31 ოქტომბერს," - თქვა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საბჭოს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" აუცილებლად მოუწევს, დაუბრუნოს ხალხს კონსტიტუციური უფლება -"როგორც წაართვეს ისე დაიბრუნებს ქართველი ხალხი ამ უფლებას", - ამბობს უდუმაშვილი.
ასევე, "ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, ეს აქცია არ იქნება უკანასკნელი და კიდევ ჩატარდება მანამ, სანამ არ მიაღწევენ შედეგს.
"პირველი დიდი მიტინგი, მაგრამ არა უკანასკნელი, ეს ყველაფერი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა, პარლამენტის პირველი შეკრების დროს. იქამდე ჩვენ გავალთ რეგიონებში და იქაც ჩატარდება მიტინგები," - თქვა ლევან თარხნიშვილმა
დღვანდელ აქციას რუსთაველის გამზირზე ხალხი შიდა ქართლიდან და იმერეთიდანაც უერთდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ნოემბერს, 3 საათზე ოპოზიცია არჩევნების გასაპროტესტებლად აქციას მართავს.