პარტია "ლელო საქართველოსთვის" აღმაშენებლის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას აწყობს.
"ჩვენ ვუერთდებით ხალხის მოთხოვნას, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგები ცნონ ბათილად. არჩევნები დამახინჯდა, ხალხის ნება უგულებელყვეს და ქართველები ამას არ შეეგუებიან", - ამბობს პარტიის ერთერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.
"ვაპროტესტებთ ხმების ქურდობას. ივანიშვილს არ მოვაპარინებთ საქართველოს მომავალს. ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი. ივანიშვილს ქვეყანა მიჰყავს რუსეთში, ჩვენ კი გვინდა დასავლური მომავალი", - ამბობს ლევან სამუშია.
ოპოზიცია და მოსახლეობა დღევანდელ აქციაზე გაყალბებულ არჩევნებსა და მოპარულ ხმებს აპროტესტებს. აქცია 3 საათზე დაიწყება. მას დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან, ასევე რეგიონებიდან ავტოკოლონებით უერთდებიან.
შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა, ცესკომ არარეალური შედეგები გამოაქვეყნა, რასაც არჩევნებიდან რამდენიმე საათში პროტესტი მოჰყვა.
ოპოზიცია მასობრივ გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაყალბების დამადასტურებელ ფაქტობრივ მტკიცებულებებს აწვდის. ეუთო/ოდირის, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით, უმეტესწილად, კრიტიკული იყო.
ოპოზიციამ 8 ნოემბერს, კვირას, რუსთაველის გამზირზე გრანდიოზული აქცია დაანონსა და აცხადებს, რომ გაბრაზებული ხალხისგან ხელისუფლება პასუხს სწორედ 8 ნოემბერს მიიღებს.