საქართველოს სახალხო დამცველი პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება და მხარეებს მოლაპარაკებებიის დაწყებისკენ მოუწოდებს.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა - წერს ომბუდსმენი თავის განცხადებაში და ხაზს უსვამს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გამოირჩეოდა ამომრჩევლების ნების კონტროლით, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმებით, ასევე შემაჯამებელ ოქმებში დარღვევებით:
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. სიტუაციას ამძაფრებს გლობალური პანდემიის გამო საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარმართვა საერთო სამართლებრივ და პოლიტიკურ გამოსავალზე შეთანხმების მიზნით. აუცილებელია გზების გამონახვა, რათა შესაძლებელი გახდეს სადავო საარჩევნო უბნების შედეგების მაქსიმალური გამჭვირვალობით გადათვლა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელისუფლებლო და ოპოზიციურ პარტიებს, უსწრაფესად დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების მიზნით. დროულად გამოიძებნოს და შეთანხმდნენ შესაბამის ფორმატზე, რა დროსაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ასევე, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესების დაკვირვებისა და ფასილიტაციის მიზნით - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.