ცესკოსთან ისევ მობილიზებულია რობოკოპები და სპეცრაზმელები, აქციის მონაწილეები არ სცდებიან გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს. სპეცრაზმელებს კორდონი აქვთ გაკეთებული, მათ უკან ისევ დგანან წყლის ჭავლის მანქანები. დაახლოებით ერთი საათია, პერიოდულად ისმის მოწოდებისა და გაფრთხილების ხმა სპეცტექნიკიდან, საიდანაც მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.
ადგილზე არიან ოპოზიციის ლიდერები. ერთერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიციამ კანონი დაარღვია.
მათ ცალსახად დაარღვიეს კანონი და სრულიად უმიზეზოდ გამოიყენეს წყლის ჭავლი. ახლა ამას "აპრავებენ" ტყუილით და ამბობენ, თითქოს აქციის მონაწილეებმა ქვები ისროლეს და ღობე მოარღვიეს, რასაც არავინ ადასტურებს, ყველა ამბობს, რომ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს წყლის ჭავლი. აქ დაშლას არავინ აპირებს, ერთი საათია აცხადებენ, რომ თუ არ დავიშლებით, კანონით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებენ, რატომ აცხადებენ ამას, გაურკვველია, ჩვენ არაფერს ვაშავებთ, ვდგავართ აქ და გვაქვს ამის უფლება. რა ზომებს გამოიყენებენ, მაინტერესებს, მე პირადად ამიტომ ვდგავარ აქ. ყველაფერია მოსალოდნელი ამათგან, სულელები არიან, მოთხოვნები იგივეა: ხელახალი არჩევნები, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გადადგომა, - თქვა აქციაზე "გირჩის" ლიდერმა.
შეგახსენებთ, ცესკოსთან, რუსთაველის გამზირიდან დაძრული აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რასაც მკაცრი შეფასებები მოჰყვა არასამთავბრობოპ ორგანიზაციებისა და პოლიტიკური აქტორების მხრიდან. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ცივ ამინდში, კოვიდპანდემიის კონტექსტში, პოლიციის მხრიდან წყლის ჭავლის გამოყენება, მინიმუმ, არასათანადო, არაადამიანური მოპყრობაა.