ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ კომისიის წევრებს წინასწარი დაკავების იზოლატორში ამ წუთებში ბრალს აცნობენ.
აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს გამოძიება თედო გობეჯიშვილის მიმართ შესაძლო მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას ედავება.
დაკავებულების ადვოკატები ამტკიცებენ, რომ საქმე პოლიტიკურია, ასევე ისინი საქმის მასალებისა და მტკიცებულებების გაცნობას ელოდებიან.
"ველოდებით გამოძიების მხრიდან ბრალის წარდგენას და საქმის მასალების გადმოცემას სადაც იქნება წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, თუ რას ემყარება ბრალი, ისინი არიან ამ ხელისუფლების მძევლები", – ამბობს ბრალდებული მხარის ადვოკატი დიანა მარტიაშვილი
ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს რომ ხელისულება ადამიანის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნით იყენებს.
"პროპაგანდისტულად განცხადებებს ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც არის ამორალური. ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ადამიანის ტრაგედიის გამოყენება ხელისუფლებას პოლიტიკური მიზნით უნდა, ეს არის აბსოლუტურად საბჭოთა სტილში შეკერილი საქმე. ახლა მოხდება ბრალდების წარდგენა, გადმოგვეცემა მასალები და ყველა მასალასთან დაკავშირებით მკაფიო კომენტარს, მკაფიო პოზიციას დავაფიქსირებთ", - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.
შეგახსენებთ, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, ისნის საოლქო საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს, თეოდორე გობეჯიშვილს 6 ნოემბერს შესთავაზეს ერთერთი პოლიტკური პარტიის საახელით 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ მედიასაშუალებების თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა. უწყების თქმითვე, როდესაც თეოდორე გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შემდეგ მას დაემუქრნენ.
ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის, ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა.
ასევე შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ახალმა სახემ, გიორგი ხელაშვილმა, განაცხადა, თითქოს, გარდაცვლილ კომისიის თავმჯდომარეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები რეპრესიებით ემუქრებოდნენ.
"ენმ"-ის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობა ენმ-ს ეკისრებოდა. ხატია დეკანოიძემ ამ ბრალდების გამხმიანებლებს "კობახიძის ადიუტანტები", ხოლო "ოცნებას" ფსკერი უწოდა.