ოპოზიციის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ "ოცნება" სამართლებრივ დევნას დაიწყებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ახალი სამართლებრივი დევნის დაწყებას აანონსებს - ბოლოდროინდელ მოვლენებზე საუბრისას, პარტიის ფიგურანტები, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ამბობენ, რომ ყველა დამნაშავეს პასუხი სრული სიმკაცრით გაეცემა. 

მმართველ გუნდში "ოპოზიციის რადიკალური ფრთის წარმომადგენლებს" გამოყოფენ და, მათ შორის, უპირველესად ნიკა მელიას. 

"ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან დესტრუქციული ქმედებები. მე მგონი, კარგად ჩანდა მელია", - ამბობს კალაძე. 

თავის მხრივ, ოპოზიციის წევრები უარყოფენ ბრალდებას, რომ თითქოსდა ცესკოზე შტურმის მიტანას ცდილობდნენ და "ოცნებისგან" პოლიტიკურ დევნას არ გამორიცხავენ. 

"ისედაც ნაჩვევი ვართ დევნას, მათი ხელწერაა შეთითხნილი ბრალდებები. არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა არ ცვლის მოცემულობას - არაფრის გვეშინია", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი. 

"ლელოს" წევრის, კახა კოჟორიძის თქმით, შეურაცხმყოფელია ბრალდება, რომ იქ რომელიმე პარტიის ზონდერჯგუფები იყვნენ. 

"ყველაფერი ხაზს უსვამს "ოცნების" დამოკიდებულებას - შენ თუ საქართველოს მომავლის ქურდობას გააპროტესტებ, მე შენ ზონდერს დაგიძახებ. როგორ შეიძლება გამოვრიცხოთ სამართლებრივი დევნა, როდესაც სამართალდამცავები ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთებს", - ამბობს კოჟორიძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმინისტრმაც ისაუბრა დამნაშავეების დასჯაზე და თქვა, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი