პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადავიტანოთ - კალაძე მიმართვას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

მოდით განვაგრძოთ მუშაობა, რათა არცერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს - დედაქალაქის მერი და "ქართული ოცნების" გენ. მდივანი კახა კალაძე ოპოზიციას ვრცელი წერილით მიმართავს და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. კალაძე წერილს "ფეისბუქზე" ავრცელებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას დაფიქსირებულ დარღვევებს, რომელსაც ოპოზიცია არცევნების გაყალბებად მოიხსენიებს, კალაძე "ტექნიკურ ხარვეზებს" უწოდებს:

ჩვენ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შეიძლება ჰქონდეს ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ყველა არჩევნებს თან სდევს; მათი გამოსწორებისთვის ჩვენ, საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ.

ამის ნათელი დადასტურებაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მისი შემდგომი პროცესიც - საჩივრების განხილვა, საჩივრების საფუძველზე ოპოზიციის უფლებამოსილ წარმომადგენელთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა უშუალო მონაწილეობით უბნების გადათვლა, მათი საფუძვლიანი პრეტენზიების გათვალისწინება და ა.შ.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პარტიას და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტს - თუკი მართლა გვინდა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის, ქუჩის, დესტრუქციის ნაცვლად, რაც არავისთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის, პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადავიტანოთ და მასში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ჩავრთოთ.

გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე. ჩვენმა მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, ამიტომაც, მოდით განვაგრძოთ მუშაობა, რათა არცერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს!

ქვეყანა უამრავი საშინაო, რეგიონალური და საგარეო გამოწვევის წინაშე დგას.

არჩევნებზე ხალხის აქტიურობა, პირველ რიგში, ერთიანი გზავნილია ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი, რომ ვიმუშაოთ ერთად, კონსტრუქციულად და კონსოლიდირებულად ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

მოლაპარაკება, პოლიტიკური კონსესუსი, საქმიანი ატმოსფერო - სწორედ ამას ელოდება ჩვენგან საქართველო და ქართველი ხალხი!- ნათქვმია კალაძის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტში შესვლას არ აპირებს, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზეც უარს ამბობს და საპროტესტო აქციებს მართავს.

მორიგი ხალხმრავალი გამოსვლა დედაქალაქში შაბათს, 3 საათზე უნდა გაიმართოს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი