პოლიტიკური მხარდაჭერისა და რეგიონში მთავარი მოკავშირეობის დასტური - ზალკალიანი პომპეოს ვიზიტზე

გამოქვეყნდა:

საგარო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ბრიფინგზე განმარტავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის მიზნებს და ამბობს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაღრმავებას, პოლიტიკურ მხარდაჭერასა და რეგიონულ სტაბილურობას. 

"ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და კათოლიკოს-პატრიარქს. ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ურყევ მხარდაჭერასა და ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების, ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ. ეს ვიზიტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს, რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობას და უაღრესად ნაყოფიერ თანამშრომლობას. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა უაღრესად ეფექტიანი თანამშრომლობა. თუმცა, ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა, თვისებრივად ახალ დონეზე გადავიდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ამ მხრივ იქნება მნიშვნელოვანი", - ამბობს ზალკალიანი. 

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, პომპეოს ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო შტატების მთავარი მოკავშირეა რეგიონში.

"ბუნებრივია, ჩვენ გვექნება საუბარი რეგიონში არსებულ უსაფრთოხების გამოწვევებზე, იმ სიტუაციაზე, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენ გარშემო და მასში საქართველოს როლზე. ვიზიტით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო არის აშშ-ის მთავარი მოკავშირე რეგიონში და მნიშვნელოვანი დასაყრდენი. დარწმუნებული ვარ, ვიზიტი ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას. ვიმსჯელებთ სამომავლო პრიორიტეტებზეც", - თქვა ზალკალიანმა. 

დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე აშშ-ის საბიუჯეტო გეგმაზეც ისაუბრა - შტატები საქართველოს $132 მილიონით დაეხმარება.

"კიდევ 1 მნიშვნელოვანი საკითხი - აშშ-ში საქართველოს დასახმარებლად განისაზღვა $132 მილიონი. თავის მხრივ, კანონით გამოყოფილი ფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ სახელმწიფოს ცენტრალური მთავრობა, რომელთან მიმართებაშიც აშშ დაადგენს, რომ ამ ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. კანონპროექტი ცხადყოფს, რომ ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობა და მისი მთლიანობა აშშ-ის დღისწესრიგის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია", - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი