ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ დიალოგი, დასავლელი პარტნიორების ჩართულობით მათთვის მისაღებია, თუმცა ერთიანი ოპოზიციის პირობები და მოთხოვნები უცვლელი რჩება. მათი თქმით, უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და ის საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლილი ხელმძღვანელობის პირობებში უნდა ჩატარდეს.
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ვადასტურებთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, ოღონდ ეს დიალოგი უნდა იყოს პრაგმატული იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნებია. ხელისუფლება ერთი მხრივ გველაპარაკება დიალოგზე და მოერე მხრივ გვაშანტაჟებს", - ამბობს ენმ-ს წევრი, ზაალ უდუმაშვილი.
მისი თქმით, ივანიშვილმა ოპოზიციას სხვა ფორმატი არ დაუტოვა და ისინი პროტესტს გააგრძელებენ. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დიპლომატიური საზოგადოების მხრიდან სრული მზაობაა დიალოგისთვის.
"დიალოგი აუცილებელია, თუმცა ჩვენ საბოლოო პოზიციებს ჩამოვაყალიბებთ, როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა თითოეულ ჩვენ წევრთან ერთად. გაყალბებულ არჩევნებზე უნდა იყოს კონკრეტული რეაგირება, ამის გარეშე დიალოგის დაწყება შეუძლებელია, ჩვენ დიალოგი ხომ ვერ გვექნება რაღაც ჰაეროვან საკითხებზე", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
"გირჩის" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციას კონკრეტული მოთხოვნები აქვს, რაშიც ისინი ერთიანები არიან და ამ ეტაპზე "ბზარის" საფუძველი არ არსებობს.
ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მართველ გუნდზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება მოვლენები.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომდევნო აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, 3 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.