ოპოზიციის ლიდერების კიდევ ერთი შეხვედრა დასრულდა. ხელისუფლების ოპონენტები ახლა თარღის ელოდებიან, თუ როდის დანიშნავს "ქართული ოცნება" მოლაპარაკებებს. მათი თქმით, ხელისუფლებას 8 ნოემბრის აქციიდან საკუთარი გზავნილები უკვე გააგონეს და მათი მოთხოვნები თუ პირობები უცვლელი რჩება.
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ დიალოგზე საუბარი ხელისუფლებამ იმიტომ დაიწყო, რომ საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოდის და ამ გზით ცდილობენ საერთაშორისო პარტნიორებს დაანახონ, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.
"მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი და ახლა ცდილობენ, რომ შეერთებული შტატების მდივანს უპატაკონ, რომ ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას დიალოგს. ჩვენ ვხედავთ რეალურად რა ხდება, ხელის გადაგრეხვის პრინციპით გვესაუბრებიან. სუს-ში საქმეა აღძრული სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, მეორე მხრივ ოპოზიციურ პარტიებს ემუქრებიან, რომ თუ პარლამენტში არ შემოხვალთ დაფინანსებას შეგიწყვიტავთ", - ამბობს ენმ-ს წევრი, ზაალ უდუმაშვილი.
მისი თქმით, თუ დიალოგი 2-3 მანდატზე სავაჭროდ უნდა გაიმართოს ოპოზიცია ამაზე წამსვლელი არაა. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ხელისუფლება სიტყვა დიალოგს უბრალოდ კეკლუცობის მიზნით ხმარობს და ამის უკან ძალადობა და დაჭერების ენა დგას.
"თუ დიალოგი არის სერიოზული და სერიოზულ განზრახვას ვხედავთ მთავრობის მხრიდან და ამას ემატება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაც, ბუნებრივია, ჩვენ 8 მარტის დროსაც ასე ვქენით, სანამ მე დამიჭერდნენ, აქციები აღარ იმართებოდა", - თქვა გიგი უგულავამ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია, არც შეიცვლება და ოპოზიცია ამ საკითხში ერთიანია.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომდევნო აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, 3 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.