მედიისთვის ცნობილი ხდება, რომ "ქართული ოცნების" გუნდში მომავალი პრემიერმინისტრის კანდიდატურას განიხილავენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ერთ-ერთ -კანდიდატურად ბიძინა ივანიშვილი მისდამი განსაკუთრებული ერთგულებით გამორჩეულ ირაკლი კობახიძიეს ამზადებს.
კიდევ ერთი ვერსიით, პრემიერმინისტრის პოზიოციაზე "ოცნებაში" თეა წულუკიანსაც განიხილავენ.
"რა მნიშვნელობა აქვს, რომელი კლოუნი იქნება "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი. თუ მართლა წულუკიანს დანიშმავს, დიდად არ განსხვავდება გახარიასგან, მაგრამ მორიგი ცინიკური დამოკიდებულება იქნება საზოგადოებისადმი. მაგრამ ამ ეტაპზე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას. იმიტომ, რომ არც წულუკიანი, არც გახარია, არც ვინმე სხვა არ სარგებლობს ხალხის მანდატით", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე.
ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრის ცვლილებამდე, "ქართულმა ოცნებამ" ჯერ მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე უნდა იზრუნოს.
"ჯერ ერთი რამეა ამ ქვეყანაში გადასაწყვეტი - "ქართული ოცნება" როგორ მოახერხებს პარლამენტის შეკრებას. მე ვფიქრობ, რომ ამ გაყალბებული არჩევნების პირობებში არ არის ის რესურსი, რომ ოცნებამ შექმნას მთავრობა, რადგან მას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა", - ამბობს პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარე, დავით ჭიჭინაძე.
პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, ეკა ბესელია, ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძემ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში "შავი სამუშაო" შეასრულა, ამიტომ მისი განხილვა პრემიერმინისტრად ამომრჩევლის შეურაცხყოფაა.
"ყველაზე დიდი შავი სამუშაო ამ კენჭისყრის შეჯამების პროცესში შეასრულა კობახიძემ, თუ მისი დაჯილდოვება ასეთი გზით გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ, რომ ის უფრო დიდ თანამდებობაზე განიხილოს, ეს პირველ რიგში არის საკუთარი ხალხის, საზოგადოების გამოწვევა, ქვეყნის შეურაცხყოფაც არის",- ამბობს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერებმა 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. ისინი თანხმდებიან, რომ 31 ოქტომბრის არჩევების შედეგები გაყალბებულია და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. საპარლამენტო მანდატებზე ოპოზიციის ლიდერები უარს ამბობენ.