დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, მარგამ ოპოზიცია ამბობს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ მთავარ მოთხოვნას - განმეორებითი არჩევნების ჩატარებას უნდა ეხებოდეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება და თუ ხელისუფლება მათ არ შეასრულებს დიალოგში შესვლას აზრი არ აქვს. დღევანდელ, 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა თქვა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ეს თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა
"არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ დიდაქტიკური ტონით საუბარი მიზანშეუწონელია. მოქალაქეების გზავნილი 31 ოქტომბერს იყო, რომ მათ მხარი დაუჭიერს ოპოზიციის კოალიციურ მმართველობას და არა არჩევნების გაყალბებას და ხელისუფლების მიტაცებას", - ამბობს ენმ-ს წევრი, ლევან ბეჟშვილი.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, 8 ნოემბრის მიტინგზე ოპოზიციამ დააყენა საკითხი, რომ დიალოგი ახალი არჩევნების ჩატარებაზე გამართულიყო და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს ჯერ კიდევ ელიან.
"თუ გახარიას მართლა ჰგონია, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის დიალოგი, ეს ადვილად გამოჩნდება თუ ისინი წამოვლენ დიალოგზე და ამ სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს, არჩევნების არალეგიტიმურობის გამო შექმნილ კრიზისს განმუხტავს, მანამდე ამ სიტყვებს ფასი არ აქვს", - თქვა სერგი კაპანაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი, სერგი ჩიხრაძე ამბობს, რომ ხელისუფლება დიალოგზე მხოლოდ ორი დღეა ალაპარაკდა, მანამდე კი ოპოზიციის დაცინვითა და დაკნინებით იყო დაკავებული.
ოპოზიცია ამ დროისთვის "ლელოს" ოფისშია შეკრებილი და საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომდევნო აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, 3 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.