"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ოპოზიცია ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს დროს განსხვავებული ფორმატის აქციას გამართავს. ამ თემაზე მან მედიასთან ოპოზიის სართო შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციასთან დაკავშირებით მეტი დეტალი მომდევნო დღეებში დაზუსტდება.
"ჩვენ ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას 17-ში ან 18-ში. ეს იქნება ერთი მხრივ, მიძღვნილი, ბუნებრივია, ტოტალური გაყალბების წინააარმდეგ აქცია და ამავე დროს, იქნება ერთგვარი საზეიმო დახვედრა ჩვენი სტრატეგიული პარტიორი ქვეყნის საგარეო მინისტრის, ბატონი პომპეოს.
ბუნებრივია, აქ ლოკაცია და ფორმატი მთლიანად განსხვავებული იქნება, აქ არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები, ლოკაციაც იქნება ისეთი, რომ არანაირ შეხებაში არ შევიდეს უსაფრთხოების ნორმებთან…
ფორმატი - იქნება სტიკერები დაკრული, სოციალური დისტანცია აბსოლუტურად დაცული, დაკრული სტიკერები იქნება და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დააწებონ, დადგნენ და თქვან ერთადერთი – გაყალბებულია", - თქვა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომდევნო აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, 3 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერსაა დაგეგმილი. ის საქართველოში წინასწარ დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.