ფრაგმენტები ჩვენებებიდან, რომელთა საფუძველზეც გარდაცვლილი თედო გობეჯიშვილის მეგობრები დააკავეს

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" მოიპოვა ჩვენებები, რომელთა საფუძველზეც აწ გარდაცვლილი ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თედო გობეჯიშვილის მეგობრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს. ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ კობალაძე და ხუსკივაძე სუს-თან დაკავშირებული პირის ჩვენების საფუძველზე იყვნენ დაკავებულები. როგორც აღმოჩნდა, ერთი ჩვენება ცესკოს მდივანს გიორგი ჯავახიშვილს, ხოლო მეორე ზაალ ზაალიშვილს ეკუთვნის, რომელიც თავად თედო გობეჯიშვილის თანაშემწე იყო.

"თედორე გობეჯიშვილმა მითხრა, რომ 6 ნოემბერს, შუადღის საათებში, მას დაუკავშირდნენ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და აქტივისტები, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, რომლებმაც სთხოვეს კონფიდენციალურად შეხვედრა.

თედორე მათ დათანხმდა, ვინაიდან ორივე არიან მისი მეგობრები. აღნიშნული შეხვედრა შედგა 2020 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 16 საათისთვის, თედორე გობეჯიშვილის მამიდის სახლში. ამ შეხვედრაზე მათ თედორე გობეჯიშვილს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შესთავაზეს 50 000 დოლარი, რის სანაცვლოდაც, ხმაურით უნდა წამოსულიყო ისნის რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიიდან. კერძოდ, მასმედიის საშუალებით უნდა განეცხადებინა, ეცრუა, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა და დაეგმო სისტემა. უნდა ესაუბრა მის მიმართ უკანონო დავალებების გაცემაზე.

უთხრეს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები შეხვედრებს ატარებდნენ ყველა რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებთან და სთავაზობდნენ ანალოგიურ წინადადებას. უთხრეს, ცესკოს თანამშრომელი ივანე ბურდული უკვე დათანხმდა მათ წინადადებას და გადადგა. ხოლო მასთან შეხვედრის შემდეგ, მიდიოდნენ კრწანისის რაიონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან, ლევან თანანაშვილთან სასაუბროდ."

აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე მას ერთობლივად დაემუქრნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად მოვიდოდა ხელისუფლებაში და თედორე გობეჯიშვილი მოხვდებოდა ციხეში და მოხდებოდა მისი ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება.

7 ნოემბერს, ღამით, დაახლოებით 01:05 ზე ჩემს მობილურ ტელეფონზე დამირეკა თანამშრომელმა თედორე გობეჯიშვილმა. თედორემ დამირეკა „ვოთსაპით“. მითხრა, რომ იყო ზაალ ზაალიშვილთან ერთად და მოვალთ, გნახავთო. საკმაოდ აღელვებული ტონი ჰქონდა. ავუხსენი, რომ ვიყავი სამსახურში, დიდ დიღომში, ცესკოს ოფისში, შევთავაზე მოსულიყო. ამაზე თედორემ მითხრა, რომ ჯობდა მეორე დღეს შევხვედრილიყავით. საუბრის დასრულების ნაცვლად, თედორემ გააგრძელა საუბარი და ამბობდა, რომ აკადრეს უკადრებელი და ის არაფერს მსგავსს არ ჩაიდენს. იყო ძალიან შეშინებული.

შეგახსენებთ, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს დილით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალებიდან მალევე, მმართველმა გუნდმა ბრალდებები ოპოზიციას წაუყენა და თქვა, რომ საოლქოს თავმჯდომარე ენმ-ს მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია, ხოლო გარდაცვლილის მეგობრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე 7 ნოემბერსვე დააკავეს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი