საქართველოში აშშ-ის ელჩთან გამართული არაფორმალური შეხვედრიდან გამოსული პირველი ლეიბორისტი აცხადებს, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა და ორ თვეში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, არჩევნების შედეგები ბათილად უნდა იქნას ცნობილი. სურთ ცესკოს მიერ, სურთ უმაღლესი სასამართლოს მიერ, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს, ორ თვეში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაციით, რომელიც შეიძლება იყოს ეუთოდან და ევროკავშირიდან დაკომპლექტებული, და რაც მთავარია, გადათვლა ისე ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია. გადათვლას არავითარი აზრი არ აქვს, სულაც რომ ცივ ქვაზე დავრჩეთ და არანაირი დაფინანსება არ გვექნეს, ჩამოვივლით მოსახლეობას და თითო მოსახლე გვაჭმევს პურს, ამაზეც წავალთ, ამ პარლამენტში ოპოზიცია არ შევა, - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" ლიდერები შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში არაფორმალურ შეხვედრაზე დაახლოებით ორი საათის წინ შეიკრიბნენ. "მთავარის" ინფორმაციით, შეხვედრას ესწრება ევროკავშირის ელჩიც. მმართველი პარტიიდან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ესწრება.