თელავში შმაგი მუთოშვილის წინა სასამართლო პროცესი უკვე მორედ გადაიდო

გამოქვეყნდა:

პანკისში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმის, შმაგი მუთოშვილის წინა სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში უკვე მეორედ გადაიდო. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების უწყებამ პატიმრის ჩამოყვანის უზრუნველყოფა ვერ მოახერხა.

გადაწყვეტილებამ დაკავებულის ოჯახის წევრების პროტესტი გამოიწვია. მათი თქმით, ხელისუფლება ხეობის მაცხოვრებლებს დაპირდა, რომ ხმების სანაცვლოდ მუთოშვილს გაათავისუფლებდნენ, თუმცა, პირობა არ შეასრულა.

ოჯახი სიმართლის დასამტკიცებლად, ევროპულ სასამართლოში ჩივილს არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, შმაგი მუთოშვილს ორი ან მეტის პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან. ის პოლიციამ 19 სექტემბერს დააკავა.

საუბარია 29 ივლისს, სოფელ დუისში, ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვაზე. ქავთარაშვილი კი ვისო მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული პირია. 

მიზეზი, რის გამოც ორი გვარი ერთმანეთს წლებია უპირისპირდება, 2019 წელს მომხდარი მკვლელობაა. 37 წლის ვისო მუთოშვილი დუისელებმა მოკლეს. სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ არბი ქავთარაშვილს 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ რამაზ ხანგოშვილს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების შერიგებას თითქმის ორი წელია პანკისელი უხუცესები ცდილობენ. თავად, რომ ვერაფერს გახდნენ, ჩეჩნეთიდან 15 კაციანი დელეგაცია ჩამოიყვანეს. ჯოყოლოელებმა დუისელებს ვისურის სისხლი ამ დრომდე არ აპატიეს, პანკისში ყველა ოჯახმა და მათ შორის ყველა სამართალდამცავმა იცის, რომ მუთოშვილები ქავთარაშვილების სისხლის აღებას აპირებენ, ადგილობრივები შერიგებას სწორედ ამიტომ ცდილობენ, თუმცა პოლიცია გვარების დაპირისპირებაში არ ერევა და სისხლიანი ანგარიშსწორების მოლოდინში არ რეაგირებს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი