თითქოს ელიტაა, რეალურად მდაბიო ქაჯები არიან – სერგო ჩიხლაძე მატჩზე დამსწრეებზე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ, გადაცემაში "დღის სტუმარი" საქართველო - მაკედონიის გუშინდელ საფეხბურთო მატჩზე, მხოლოდ მთავრობის წევრების დასწრების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანებს მატჩი სტადიონის გარედან აყურებინეს, რაც ჩიხლაძის თქმით, სარკეა იმისა, თუ როგორ არის მთავრობა დაშორებული მოსახლეობას.

"აი ეს სურათი, გროტესკული სანახაობა, სარკეა დღევანდელი საზოგადოების, ხალხი და რეალობა სხვაგან არის, მთავრობა და ე.წ. ელიტა სხვაგან არის, წარმოგიდგენიათ, აი ამ ხალხს, ვითომ ამ VIP-ლოჟებში რომ სხედან თუ დგანან, რეალურად უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ისინი რაღაცა ელიტა არიან და ხალხი პლებეები არიან, რეალურად მათ ანახეს, რომ მდაბიოები არიან, ამით მათ თავიანთ სიმდაბლეს, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, ქაჯობას გაუსვეს ხაზი, რომ ჩვეულებრივი მდაბიო ქაჯები არიან, ყველაფერი რომ დავივიწყოთ, ხომ შეიძლება გაინაწილო ის მდგომარეობა ხალხთან ერთად და კი ბატონო, საშვი გაქვს, თანამდებობის პირი ხარ... ზემოთაც არ არიან, სხვაგან არიან, საერთოდ სხვა სამყაროში ცხოვრობენ და დგანან აქ და ვითომ აი თავიანთი ეს ქაჯობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, როგორ არიან ისინი დაშორებული ხალხისგან, გაიზიარე შენს ხალხთან ერთად, როგორც რიგითმა მაყურებელმა ისე უყურე, გარედან სადღაც შეიკრიბეთ ერთად, ფეშენებელურ ოთახში და იქიდან უყურე მაგრამ, ეს რაც ვნახეთ არის სარკე, რეალობა, სად არის საქართველო, სად ვართ ჩვენ მოსახლეობა და სად არიან ის ერთეული ადამიანები, რომლებსაც თავი ვითომ ელიტა გონიათ, იგივე ხდება პოლიტიკაშიც, არჩევნებზეც... გააღიზიანეს მთელი მოსახლეობა, ადამიანები მერე გამოვიდნენ, ვინც იქ იყო ერთი ხომ დასაჯეს, რომ არ აყურებინეს და მეორე – დააჯარიმეს, 2000 ლარით. მოვა დრო ეს ჯარიმები გაუქმდება და დაისჯება ის, ვინც ეს უკანონობა შემოიღო.", – ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი, სერგო ჩიხლაძე.

ჯანდაცვის ექსპერტის, სერგო ჩიხლაძისვე თქმით, გუშინდელ მატჩზე მოსახლეობის დასწრება კორონავირუსის რეგულაციების დაცვით, შეიძლებოდა: "წესების დაცვით რომ 10,000 ადამიანი 50,000 სკამზე გადანაწილებულიყო, არანაირი რისკი არ იყო იქ, არც კოვიდის გავრცელების, დისტანციის დაცვით, ორი მეტრის დაშორებით, ნიღბით და ა.შ." - თქვა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დინამო არენაზე, საქართველოსა და მაკედონიას შორის, ისტორიული მატჩი შედგა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა.

მატჩს ძირითადად მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტადიონის ირგვლივ შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი კი, 22:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვის გამო, დააჯარიმეს.

ცნობისთვის, UEFA–მ საქართველოს, COVID-19–ის რეგულაციების დაცვით, მაყურებლის ნაწილის სტადიონზე დაშვების ნებართვა მისცა, სახელმწიფომ კი შანსი ვერ გამოიყენა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი