"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ "მთავარი არხის" გადაწყვეტილებით, ცესკოს ან/და "ქართული ოცნების" საარჩევნო რეკლამა ეთერში არ გავა, თუნდაც ეს კანონდარღვევა იყოს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ნებას, გამოხატულს საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობაში და მეორე ტურებში მონაწიეობის მიღებაზე უარის თქმაში", - ასე ხსნის ნიკა გვარამია არხის გადაწყვეტილებას.
დღეს, ცესკომ მოგვმართა მეორე ტურების სარეკლამო რგოლების ფასიანი განთავსების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის 50.000 ლარი მნიშვნელოვანი შემოსავალია, ღიად ვაცხადებთ:
არხის გადაწყვეტილებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ან/და ქართული ოცნების არც ერთი საარჩევნო რეკლამა, თუნდაც ეს იყოს კანონდარღვევა, ტელეკომპანია მთავარის ეთერში არ გავა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ნებას, გამოხატულს საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობაში და მეორე ტურებში მონაწიეობის მიღებაზე უარის თქმაში. არ ვაპირებთ, შემოსავალი მივიღოთ ქართველი ხალხის ნების ქურდების და დამნაშავეებისგან, მით უფრო, მათი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის ხელშეწყობის გზით.
ჩვენ, როგორც პროდასავლური და პატრიოტული მედია, მივიჩნევთ, რომ იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება წაერთვა მის უალტერნატივო წყაროს - ქართველ ხალხს - და მოხდა მისი უზურპაცია არალეგიტიმური არჩევნების გზით, აღარ გვაქვს არც კანონისმიერი ფორმალობების დაცვის, არც კანონდარღვევის გამო ჯარიმის შიშის და, მით უმეტეს, არც შემოსავალზე ზრუნვის უფლება არა გვაქვს, - წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებს შედეგებს ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორის ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და არ აღიარებს. პირველადი შედეგების გამოცხადებას, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში შემაჯამებელი ოქმების მიღებას ხმაური და პროტესტი მოჰყვა ქვეყნის მასშტაბით. ოპოზიციამ 8 ნოემბერს პირველი დიდი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაატარა, რომელსაც პიკზე, "მთავარი არხის" გამოთვლებით, 45.000 ადამიანი დაესწრო.
14 ნოემბერს, 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია მოქალაქეებთან ერთად კიდევ ერთ აქციას გამართავს გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად.