"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე, "მთავარი არხის" გადაცემაში "ღამის მთავარი" ამბობს, რომ თუ არ დაკმაყოფილდება ოპოზიციისა და ამომრჩეველთა მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, "ოცნებას" მოუწევს არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტში შესვლა.
"ბოლო დღეების განმავლობაში მმართველი პარტიის წევრები ოპოზიციას დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებენ. მიუხედავად ამისა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ დანიშნავენ ახალ არჩევნებს, არალეგიტიმურ და ერთპარტიულ პარლამენტში შევლენ. ახლა ცდილობენ, როგორღაც "სახე ჩაიმოიწმინდონ" - იციან, რომ მაიკ პომპეო ჩამოდის, თანაც, ის ხვდება არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორს. მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილის 2 შიშს არაფერი უშველის - ერთი ის, რომ მან იცის, როგორი ერთიანია ოპოზიცია და მეორეც - არავინ აპირებს გადმოგდებული მანდატების გამოყენებას", - ამბობს დეკანოიძე.
ცნობისთვის, ოპოზიცია საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს მდუმარე აქციას გეგმავს, ხოლო 21 ნოემბერს, მეორე ტურის დღეს, ოპოზიცია და მოქალაქეები ცოცხალი ჯაჭვით აპირებენ არჩევნების გაყალბების გაპროტესტებას.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ რუსთაველზე ხალხი პირველად 8 ნოემბერს შეიკრიბა, აქციები გაიმართა ცესკოსთანაც. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ. 13 ნოემბერს, ხმაურით ჩატარებული სხდომის ფონზე, ცესკომ პროპორციული არჩევნების შედეგები შეაჯამა მათ შორის იმ ოქმების საფუძველზეც, რომელთაც ოპოზიცია არამარტო აპროტესტებდა, სასამართლოშიც ჰქონდა გასაჩივრებული.
ამის მიუხედავად, ცესკომ მეორე ტური 21 ნოემბერს დანიშნა, თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ოპოზიცია და გაბრაზებული მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ დღეს, 14 ნოემბერსაც შეიკრიბნენ. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, 15:00 საათზე დაწყებული საპროტესტო აქცია დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა და ჰიმნის ფონზევე დასრულდა.
არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამოხატული პროტესტის პარალელურად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის ფასილიტატორობით მიმდინარეობს, უკვე გაიმართა ორი შეხვედრა, თუმცა, კონკრეტული შეთანხმება ჯერ არ შემდგარა. "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს, 14 ნოემბერს განაცხადა, რომ მმართველი პარტია არ განიხილავს "ხელახალ არჩევნებს ან რაიმე მსგავსს", ხოლო ოპოზიციასთან დაკავშირებით თქვა, რომ მათი მიზანი მხოლოდ დესტრუქციაა.