ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი", ეკა კვესიტაძის შეკითხვაზე, როგორ ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები საია-ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დარღვევებზე პასუხობს, რომ დიპლომატებისთვის სრული შოკი იყო და ვერაფრით აუხსნიათ, რაში სჭირდებოდა ცესკოს გუშინდელ სხდომაზე მიეღო ის შემაჯამებელი ოქმი, რაც მიიღო.
საია-ს თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული დავის სამართლებრივი ნაწილი ცესკომ გუშინ დაასრულა, როცა გამოაცხადა შედეგები და მეორე ტური დანიშნა.
მე დღესაც მქონდა კომუნიკაცია საელჩოებთან და შემიძლია ვთქვა, რომ მათთვის იყო სრული შოკი და ვერაფრით აუხსნიათ, რაში სჭირდებოდა ცესკოს იმ შემაჯამებელი ოქმის მიღება, რაც გუშინ მიიღო. გუშინდელი დღე იყო დამატებითი არგუმენტი იმ ვითარებისა, რაც ხდება დღევანდელ საქართველოში და ეს ხდება იმ ფონზე, როცა პრაქტიკულად, დღეს იყო მოლაპარაკების მეორე რაუნდი. ეს არ მოქმედებს სიტუაციის გაუმჯობესებაზე. ჩემი გაბრაზება ბევრი რამით არის განპირობებული, მათ შორის, 8 ნოემბრითაც, - განაცხადა სულხან სალაძემ ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში "ღამის მთავარი".
შეგახსენებთ, 13 ნოემბერს, ხმაურით ჩატარებული სხდომის ფონზე, ცესკომ პროპორციული არჩევნების შედეგები შეაჯამა, ისე რომ სასამართლო გადაწყვეტილებებს არ დაელოდა. შესაბამისად, ცესკომ მეორე ტურები 21 ნოემბერს დანიშნა. თავის მხრივ ოპოზიცია აცხადებს, რომ მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
ასევე შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და გაბრაზებული მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ დღეს, 14 ნოემბერსაც შეიკრიბნენ. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, 15:00 საათზე დაწყებული საპროტესტო აქცია დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა და ჰიმნის ფონზევე დასრულდა.
აქვე გეტყვით, რომ პროტესტი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, მათ შორის, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს, როცა ოპოზიცია მდუმარე აქციის ორგანიზებას აპირებს, რა დროსაც რუსთაველი მოფენილი იქნება სტიკერებით "გაყალბებულია" და სტიკერებთან მოქალაქეები იდგებიან, ხოლო 21 ნოემბერს, მეორე ტურის დღეს, ოპოზიცია მოქალაქეებთან ერთად ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტებს.