მმართველი პარტიის გარდა ყველა, ვინც ამ არჩევნების უშუალო მონაწილე ან ნეიტრალური დამკვირვებელი იყო, ერთხმად აღიარებს, რომ არჩევნების გაყალბების პროცესი იმდენად მასშტაბური იყო, რომ ყველა დარღვევაზე სამართლებრივი რეაგირების მოხდენა უბრალოდ შეუძლებელი აღმოჩნდა.
გაყალბების მასშტაბის უკეთ თვალსაჩინოებისთვის საარჩევნო ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" - იურისტების გუნდმა საზოგადოებას პირველადი ანგარიში წარუდგინა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული 3847 უბნიდან 986 უბანზე ანუ დაახლოებით 26%-ში, პროპორციული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი არ დაჯდა. ამავე უბნებზე დაკარგული ბიულეტენების რაოდენობამ 4025 შეადგინა, ხოლო 63 336 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. ამავე უბნებზე ხმის მისაცემად 597 633 ამომრჩეველი მივიდა, რაც არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 31%, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის 17% შეადგინა.
ოცდაათივე ოლქის, როგორც პროპორციული ასევე მაჟორიტარული ნაწილის შემაჯამებელი ოქმებში დაფიქსირებულ შედეგებს ასაჩივრებს პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველოც", თუმცა პარტიაში ზუსტად იციან, რომ ამ დავებს რეალური სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.
პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლას, ზოგ შემთხვევაში კი, ბათილობას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვდნენ.
ახალგაზრდა იურისთთა ასოციაცია სასამართლოში 38 უბნის შედეგების გადახედვას ითხოვდა, თუმცა მათი სარჩელი დასაშვებად მხოლოდ 12 შემთხვევაში მიიჩნიეს.
სასამართო გაცილებით ცუდად მოექცა არასამთავრობა ორგანიზაცია "გამჭვირვალეობა საქართველოს" საჩივრებს, რომლებიც 61 უბანზე ბიულეტენების ხელახალ გადათვლას, ხოლო ერთი უბნის მონაცემების გაბათილებას ითხოვდნენ.
არსებობს შესაძლებლობა, რომ ქართულ სასამართლოებში ვერნაპოვნი სამართალი მოსარჩელე მხარეებმა სტრასბურგში ეძებონ, თუმცა იურისტები ამ გზას ნაკლებად ეფექტურად მიიჩნევენ.
საქართველოს კანონმდებლობით საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ დავებს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლო განიხილავს, შესაბამისად ნებისმიერი პოლიტიკური პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია იძულებულია სააპელაციოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს დასჯერდეს.
შესაბამისად, ერთადერთ ქმედით იარაღად, იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, რამაც მის შედეგზე ძირეული გავლენა იქონია, ისევ ქუჩის გამოსვლები და გაბრაზებული ხალხის პროტესტი რჩება.