ეროვნული ნაკრები, რომელიც გლდანის მანდატს გადაყვა - შეურაცხყოფილი, ნაცემი და დაჯარიმებული გულშემატკივარი

გამოქვეყნდა:

წარსულში საყვარელი ფეხბურთელები ფედერაციის სისტემის გამპრავებლებად იქცნენ და უკვე მუშტი-კრივსაც არ თაკილობენ.

„მოსახვედრს მოხვდა“, „ პროვოკატორები არიან“ და მსგავსი ფრაზებით  მომხდარს ვერ გაამართლებენ. ქართულ ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ ვნახეთ, მაგრამ ასეთი რამ ჯერ არ გვინახავს და აჰა, ესეც ვნახეთ.

ჩხუბში მხოლოდ ცქიტიშვილი არ იქნევდა ხელ-ფეხს, იქვე იყო ლაშა სალუქვაძე, რომელიც წლების წინ მოედანზე მესის დასდევდა და ამჯერად -ბავშვებს. 

ლოკომოტივის სტადიონის დირექტორი, ვალტერ  გუჩუაც, კობიაშვილის საძმაკაცოს კიდევ ერთი წევრი.

მუშტი-კრივამდე იყო ისტორიული 12 ნოემბერი, რომელსაც ქართული ფეხბურთი 30 წელი ელოდა. 

რა გააკეთა ფეხბურთის ფედერაციამ ამ ხნის მანძილზე, რომელსაც ერთადერთი გამოწვევა ჰქონდა? გლდანის მანდატი ! ეს არის ის, რასაც კობიაშვილმა გადააყოლა ფედერაცია და ეროვნული ნაკრების მატჩზე გულშემატკივრის დასწრება -არ დასწრების საკითხი. რეალურად მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა. გულანთებული გულშემატკივრები სტადიონის გარეთ და VIP ლოჟაში ინერციით მისული პრივილეგირებულები.

თამაშის დასრულებიდან მეორე დღეს  ერთ-ერთი მუშკეტერიც გამოჩნდა და აღიარა რომ უეფას რეკომენდაციის მიხედვით, გულშემატკივრების სტადიონზე შეშვება შეგვეძლო და ამით ვირუსის გავრცელების რისკიც მინიმუმამდე შემცირდებოდაო. 

უპასუხოდ რჩება ვინ და რატომ აკრძალა მაყურებლის სტადიონზე შეშვება.

2015 წელს, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები უთანასწორო ბრძოლის ველად გადაიქცა, დაიწყო ხმაური და დიდი გარჩევები. 

არსებული 34 დელეგატიდან, ლევან კობიაშვილმა და რევაზ არველაძემ  17-17 ხმა დააგროვეს, გადამწყვეტი ხმა გეგა გობეჯიშვილის უნდა ყოფილიყო.  ზუსტად ყრილობის დღეს კი არველაძის მხარდამჭერი დელეგატი დააპატიმრეს. 

კობიაშვილი  ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად დასვეს. 4 წლიანი ვადაც გავიდა, შემდეგი ოთხი წელი კი საერთოდ ერთადერთ კანდიდატად მოგვევლინა და საქმეც უფრო მარტივად გადაწყდა. ბიუჯეტმა კობიაშვილსა და საძმაკაცოს 265 მილიონიც დაუმტკიცა.

როგორ ფინანსდება ფეხბურთის ფედერაცია , რომელსაც  კახი კალაძის საძმაკაცო მართავს? ეს ის დაწესებულებაა , რომელიც  გამჭირვალობის კუთხით სრულად დახურულია და ამას ყველაზე კარგად   უწყობს ხელს ფეხბურთის განვითარების  ფონდი, რომელიც 2016 წელს  შეიქმნა. შექმნის დღიდან, ბიუჯეტსა და კლუბებს შორის თანხის გამტარი სწორედ ეს ფონდი გახდა. ამ თემით სტუდია მონიტორიც დაინტერესდა

ფონდსაც სათავეში ფედერაციის პრეზიდენტი უდგას.

2016 -19 წლებში  საქართველოს ხუთივე ლიგაში საშუალოდ 70 გუნდის შენახვა  საქართველოს ბიუჯეტს 132 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა , ამ თანხის უდიდესი ნაწილი დაიხარჯა ხელფასებზე , პრემიებზე, საწვავზე , მივლინებებზე,  ოფისის ავეჯსა  და კლუბების საბანკო პროცენტების მომსახურებაზეც კი.

ფონდი როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით  ფინანსდება.

კობიაშვილი იმ მცირე გამონაკლისებს შორისაა, რომელსაც პარლამენტში  მთელი ამ წლების მანძილზე არასდროს ჩაურთავს მიკროფონი.

არჩევნების  დღეს  საკუთარ უბანში დიდი ორომტრიალი სწორედ პარლამენტისთვის და იმ ერთი მანდატისთვის ატყდა.  კახი კალაძემ მეგობარი აქაც არ მიატოვა და საქმეში ახლო წრიდან , კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული ბიჭებიც ჩართო.  გლდანში არჩევნები ხმაურის , ჩხუბის  და სროლის ფონზეც კი მიმდინარეობდა. ამ ფონზე კი დაზარალდა ეროვნული ნაკრები, რომელიც რეალურად  სწორედ გლდანის მანდატს  გადაყვა.

კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანი წლიდან წლამდე უიმედობა, ესაა იმ სისტემის ნაწილი რომელსაც ქართული ოცნება არამხოლოდ ფეხბურთის ფედერაციაში არამედ ყველა ინსტიტუციაში ნერგავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი