ოპოზიციის პროტესტმა დღეს ბათუმში გადაინაცვლა. მოწოდებები და მოთხოვნები უცვლელია - ბოიკოტი გაყალბებულ არჩევნებს.
საპარლამენტო არჩევნებიდან 2 კვირა გავიდა, თუმცა რა ბედი ელის მე-10 მოწვევის პარლამენტს, დღემდე გაურკვეველია.
ოპოზიციამ რამდენიმე ხალხმრავალი აქცია გამართა, სადაც მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნები იყო. ხელისუფლებამ კი მიტინგი ძალის გამოყენებით, წყლის ჭავლით დაშალა და რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებასთან მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე ისაუბრებს, ხელისუფლება კი ამბობს, რომ სრულფასოვანი დიალოგი მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც ოპოზიცია არჩევნები შედეგებს აღიარებს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა გარკვეული ცვლილებები.
12 ნოემბერს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში, მოხერხდა ოპოზიციისა და ხელისუფლების მაგიდასთან ერთად თავმოყრა. შეხვედრას აშშ-ს, ევროკავშირისა და საფრანგეთის ელჩებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის შემდეგ, ორივე მხარე უფრო ფრთხილ კომენტარებს აკეთებდა, თუმცა პოზიციები იგივე ჰქონდათ. შეხვედრიდან გამოსულმა არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ეს მხოლოდ პირველი რაუნდი იყო და უკვე მიღწეულია შეთანხმება დიალოგის მეორე რაუნდზეც.
ოპოზიციაც თანხმდება, რომ მოლაპარაკებების პროცესი გრძელვადიანი იქნება.