ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბა.
მაიკ პომპეოს შეხვედრების პარალელურად, პოლიტიკური პარტიები 18 ნოემბერს, ოპერის შენობიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით, 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით მდუმარე აქციას გამართავენ და ამერიკელ მაღალჩინოსანს გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით ხმას ამ ფორმით მიაწვდენენ.
"ვიმსჯელებთ იმ მოლაპარაკებებზე, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და, შესაბამისად, ერთერთი მთავარი თემა სწორედ ეს მოლაპარაკებები იქნება", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტებს წარმოადგენენ და ერთმანეთის გეგმებში არ იჭრებიან, თუმცა, ერთიანობას ინარჩუნებენ.
"აქციების გამაერთიანებელი არის ის, რომ საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას უნდა, ქვეყანაში აღარ ყალბდებოდეს არჩევნები და ის გამოხატავდეს საზოგადოების ნებას და სურვილს. სხვა ნებისმიერი საკითხი, ინტერპარტიულია, ვიწროპარტიულია, ერთი პარტიისა თუ ორი პარტიისაა, ეს ამ ეტაპზე არ იხილება და არ არის რელევანტური. ამ ერთობას საფრთხე არ ემუქრება და საპროტესტო აქციები გაგრძელდება", - თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგი უგულავამ.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შემდეგ კი, დღის წესრიგში 21 ნოემბრის მორიგი მასშტაბური აქციაა, რომელიც მეორე ტურის პარალელურად გაიმართება. დემონსტრანტები კიდევ ერთხელ იტყვიან უარს საპარლამენტო მანდატებზე და ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში, 17-18 ნოემბერს, 2 დღიანი ვიზიტით ჩამოდის.
პომპეოს ვიზიტის დღეს, რუსთაველი მოფენილი იქნება სტიკერებით, რომლებზეც ეწერება "გაყალბებულია".