ოკუპირებული ცხინვალიდან ტრანსპორტირების დროს კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, ონისე გათენაშვილი, გარდაიცვალა. 68 წლის ქირურგის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, მამაკაცი ახალგორიდან ცხინვალის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა.
საოკუპაციო რეჟიმმა ინფიცირებული ექიმის თბილისში გადმოყვანის ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ინფიცირებული ექიმი ერგნეთის გადასასვლელის გავლით წითელი ჯვრის დახმარებით გადმოიყვანეს, თუმცა მისი ჰოსპიტალიზება დაგვიანებული აღმოჩნდა.
გარდაცვლილი ექიმის ახლობლების თქმით, 68 წლის ონისე გათენაშვილს თანხმლები დაავადებებიც აწუხებდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 3 230 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 პაციენტი გარდაიცვალა.