ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მშვიდობიანი ინფორმაციული აქციით დახვდება. სამოქმედო გეგმასა და პროტესტის ფორმაზე სასაუბროდ პოლიტიკური ლიდერები დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ.
ოპოზიციის ლიდერებმა 21 ნოემბრის მასშტაბური აქციაც განიხილეს. ოპოზიციის ნაწილი საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორის მოწყობაზეც საუბრობს, თუმცა, ამ ფორმატს ოპოზიციის ყველა წევრი არ იზიარებს.
"ივანიშვილის ამ დამამცირებელ და ქვეყნისთვის სახიფათო თამაშის წესს, რომ მე გადაგიწყვიტავ, სადამდე ვიქნები ხელიუფლებაში, ჩვენი საზოგადოება და ოპოზიცია არ იღებს. გამოსავალი არის ახალი არჩევნები, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, "ცესკოს" თავმჯდომარის წასვლას, ბევრ სხვა ცვლილებას", - ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია.
მაიკ პომპეოს შეხვედრების პარალელურად, პოლიტიკური პარტიები 18 ნოემბერს, ოპერის შენობიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით, 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით მდუმარე აქციას გამართავენ და ამერიკელ მაღალჩინოსანს გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით ხმას ამ ფორმით მიაწვდენენ.
"მინდა მოვუწოდო ყველა თანამოქალაქეს, თუ თვლი, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა, გამოდი პროსპექტზე, დადექი შესაბამის სტიკერზე, დავიცვათ დისტანცია, დავიჭიროთ ხელში ამერიკის დროშა და ერთადერთი პლაკატი წარწერით - "გაყალბებულია", - თქვა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში, 17-18 ნოემბერს, 2 დღიანი ვიზიტით ჩამოდის.
პომპეოს ვიზიტის დღეს, რუსთაველი მოფენილი იქნება სტიკერებით, რომლებზეც ეწერება "გაყალბებულია".