„ქართული ოცნება“ არჩევნების დღეს მარტო რჩება - მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა და ამის დასადასტურებლად მცხეთის საოლქო კომისიას განცხადებით მიმართა.
კანდიდატურა მოხსნა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ბიულეტენში მისი გვარი მაინც იქნება, მაჟორიტარობის კანდიდატს სურს, პროტესტის ამ ფორმით მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ არჩევნები მოპარულია.
განცხადების დაწერას არ აპირებს და ამომრჩეველს მოუწოდებს, საარჩევნო უბნებზე არ მივიდეს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია.
საბურთალოზე მეორე ტურში მარტო იქნება ხელისუფლების კიდევ ერთი კანდიდატი დავით სერგეენკო. განცხადების დაწერას არც ალეკო ელისაშვილი აპირებს, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობას არც ის მიღებს.
ოპოზიციამ მეორე ტურს ბოიკოტი კიდევ ერთი გზით - საოლქო კომისიებიდან მათი დამკვირვებლების გამოწვევით გამოუცხადა. შესაბამისად, 17-ვე ოლქში არჩევნები ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლების გარეშე ჩატარდება.
ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას „ოცნებაში“ შეთქმულების თეორიას უკავშირებენ და ამტკიცებენ, რომ მათი ოპონენტები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ და მეორე ტურისთვის ემზადებიან.
არჩევნების მეორე ტური ქვეყანას 8 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი