ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი 12 ნოემბერს ეროვნული ნაკრების მარცხს 6 დღის შემდეგ ეხმაურება და წერს, რომ მისთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი ურთულესი აღსაქმელი იყო.
"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.
მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი", - წერს კობიაშვილი.
მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრებენ, დღეს კი, 18 ნოემბერს გუნდი ესტონეთის წინააღმეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გავა. კობიაშვილმა რამაზ სვანაძეს მადლობა გადაუხადა ნაკრების გვერდით დგომისთვის.
"დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ", - წერს ლევან კობიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შესაძლებლობას ჩამოშორდა. გუნდი დატოვა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმაც.