მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თბილისი დატოვა, ოპოზიციის ლიდერებთან გაუთვალისწინებელი, წინასწარ დაუგეგმავი შეხვედრა ჩანიშნა მაიკ პომპეოს მოადგილემ ფილიპ რიკერმა. შეხვედრა დაახლოებით 16:00 საათზე დაიწყება.
ეს შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული და ჩაინიშნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აქ დატოვა მოადგილე, რომელთანაც ჩვენი მოთხოვნებით წარდგომის საშუალება გვეძლევა და ეს მოთხოვნები ცნობილია: ხელახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, - ამბობს ენმ-ის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
მივაწვდით ჩვენს ხედვას დემოკრატიის კუთხით ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, ანაკლიის პროექტის მხარდაჭერის გაგრძელებაზე და სხვა შიდა პრობლემები, ჯერ ესენი გვაქვს განსახილველი, - ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.
მთავარია, რომ რიკერმა ახსენა სიტყვა "კლანი" სასამართლოებთან დაკავშირებით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის კარგადაა ჩახედული ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებზე. - ამბობს ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, მოძრაობა "ტრიბუნის" ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
ფილიპ რიკერი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა. ამერიკელი დიპლომატი აშშ–ის სახელმწიფო უწყებაში ევროპულ და ევრაზიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ის მაიკ პომპეოს ტურნეში, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მდივანი საქართველოშიც ჩამოვიდა, თან ახლდა. თუმცა, ის ახლაც თბილისშია და როგორც ცნობილია შეხვედრებს მართავს.
ცნობისთვის, ფილიპ რიკერი საქართველოში 2019 წლის სექტემბერშიც ჩამოვიდა, აშშ–ისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი და სოფელ ოძისთან საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.