არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებული სარჩელები სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის, თქმით, "ცესკო"-სთვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ სასამართლო არც ერთ სარჩელს არ დააკმაყოფილებდა და რადგანაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ამაში დაჯერებული იყო, წინასწარ, კანონდარღვევით შეაჯამა პროპორციული არჩევნები.
"კანონში პირდაპირ წერია, რომ აკრძალულია შედეგების შეჯამება მანამ, სანამ სასამართლო არ დაასრულებს სარჩელების განხილვა - ეს დაირღვა. 8 404 ბიულეტენი არის გარეთ გატანილი და ამის მეშვეობით გაკონტროლებულია, დაახლოებით, 200 000 ხმა. 41-ებს ხაზავდნენ უბნის გარეთ. ასე მუშაობდა კარუსელი. ამგვარი დარღვევები ადრეც იყო, მაგრამ ახლა მასშტაბია განსხვავებული და ძალიან დიდი. ხელისუფლება როცა ამბობს, რომ გადათვლას გვთავაზობენ, ეს ტყუილია. მხოლოდ "ევროპული საქართველო" ითხოვდა 566 უბნის გადათვლას, აქედან დაგვიკმაყოფილეს 3", - ამბობს კახიძე.
სარჩელებზე პარტიის ლიდერი, დავით ბაქრაძეც, საუბრობს და ამბობს, რომ სააპელაციომ ყველა პარტიის საჩივარი გააერთიანა ერთ საჩივრად და განხილვის გარეშე, ყველას უარი უთხრა.