ეკონომისტები საქსტატს უმუშევრობის მასშტაბის ხელოვნურად შემცირებაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

ეკონომისტების და ფინანსისტების აზრით, ქვეყანში უმუშევრობის დონე გაიზარდა, ხოლო საქსტატის ინფორმაცია, რომ უმუშევრობამ მხოლოდ 0.7%–ით იმატა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სტატისტიკის შედგენისას, დასაქმებულთა რიგებში, თვითდასაქმებულ ადამიანებსაც თვლიან. ასევე, ეკონომისტების მოლოდინით, ზამთარი უმუშევრობისა და ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით მძიმე იქნება.

"ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა, დაახლოებით 100 000 ადამიანით გაიზარდა, არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ქვეყანაში უმუშევრობა 12%–ის მიდამოებშია, გამომდინარე იქიდან რომ სულ სამუშაო ძალა ქვეყანაში არის ორი მილიონი და ამ ორი მილიონიდან 1 მილიონ ადამიანს ხელისუფლება დასაქმებულს უწოდებს, ვინც რელურად თვითდასაქმებულია, სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 40%–ს აჭარბებს." – ამბობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.

ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ საქსტატი და მთავრობა რიცხვებით მანიპულირებს, როცა ამბობს რომ უმუშევრობა მცირედით გაიზარდა. ხორგუაშვილის თქმით, პანდემიის შესუსტების შემდეგ ადამიანების კვლავ დასაქმება, საქსტატმა დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მაჩვენებლად გამოიყენა.

"დღევანდელი უმუშევრობის დონე მკვეთრად მაღალია ვიდრე პადნემიამდე, არანაირი ტრაბახი არ შეიძლება იმაზე რომ უმუშევრობა მცირედ გაიზარდა, ბევრი თვე მოსახლეობის სრული უმრავლესობა იყო დაუსაქმებელი და რადგან სტატისტიკა 6 თვის შემდეგ ითვლება, მოხვდნენ ვიღაცეები დასაქმებაში, საქსტატი, ისევე, როგორც მთავრობა, ცდილობს გარკვეული რიცხვების მანიპულირებით, დასვან ისეთი მონაცემი, რაც ვითომ პოზიტიურ შედეგს მოგვცემდა." – ამბობს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.

ეკონომისტების აზრით, ქვეყანაში მოსალოდნელია უმუშევრობის კიდევ უფრო მეტად ზრდა და ეკონომიკური კრიზისი.

"უმუშევრობის ზრდა მოსალოდნელია და ალბათ უნდა მოველოდოთ რომ კიდევ უფრო მკვეთრად გაიზრდება უმუშევართა რიცხვი, იმიტომ რომ ეკონომიკა გაჩერებულია, ვირუსამდეც მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში და ამას დაემატა ვირუსი, რამაც შექმნა პირობები, რომ მძიმე დრო გველის უმუშევრობის და ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით"– ამბობს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში უმუშევრობის მაჩვენებელი 0.7 % –ით გაიზარდა. 

ეროვნული ბანკის გათვლებით, წლის ბოლომდე უმუშევრობის დონე დღევანდელი 12%-იდან 16%-მდე გაიზრდება. შემოსავლის წყაროს გარეშე რჩება დამატებით 70 000-მდე ადამიანი.

ბიზნეს სექტორი სამუშაო ადგილების კიდევ უფრო შემცირებას ვარაუდობს.

ცნობისთვის, საქსტატმა, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187 ლარით განსაზღვრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი