კორონავირუსით ევროპაში ყოველ 17 წამში 1 ადამიანი კვდება - ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.
"გასულ ორ კვირაში COVID-19–ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 18%–ით გაიზარდა, ევროპაში COVID-19–ით გარდაცვალების 29 000 ახალი შემთხვევაა, რაც ნიშნავს რომ ყოველ 17 წამში ევროპის რეგიონში COVID-19–ით 1 ადამიანი კვდება." – წერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი ჰანს კლუჯი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდა ჯანდაცვის სისტემის გადატვირთულობამ და სასწავლო დაწესებულებებში ეპიდაფეთქებებმაც გამოიწვია.
ჰანს კლუჯის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თუ ევროპაში მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომებს დაიცავს და მათი 95% პირბადეს ატარებს, ლოქდაუნის საჭიროება არ იქნება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე ასევე წერენ, რომ ევროპაში მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების 28% დაფიქსირდა, სიკვდილიანობის – 26%.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში დღეს კორონავირუსის შემთხვევებმა 56 მილიონს გადააჭარბა.
საქართველოში კი კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 3 697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ცნობისთვის, აშშ-ის ფარმაცევტული კომპანიის, Pfizer-ისა, და გერმანული BioNTech-ის მიერ ერთობლივად შემუშავებულმა COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინამ, საბოლოო შედეგით 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.