თბილისის მერი საახალწლო განათებებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. კახა კალაძე მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ თბილისში სიბნელე აღარ დაბრუნდება.

დედაქალაქის მერმა დღეს Facebook Live მეტი დამაჯერებლობისა და თვალსაჩინოებისთვის ჩაბნელებული კიკვიძის პარკიდან დაიწყო, შემდეგ კი ვიდეომიმართვის მიმდიარეობისას სკვერი გაანათა.

კალაძე ამბობს, რომ თბილისი საახალწლოდ წელსაც მოირთვება, თუმცა, პანდემიის გათვალისწინებით, შედარებით მოკრძალებულად.

"თბილისი არასდროს დაბრუნდება წარსულში და არასდროს დაბრუნდება სიბნელეში. მინდა იცოდეთ, რომ არავის არც ერთი საახალწლო ნათურა სახლში არ მიაქვს. ყველა ხარჯი, რაც დედაქალაქის ბიუჯეტმა გაიღო, ხმარდება თბილისს" - ამბობს კალაძე. 

თბილისის მერის თქმით, ქუჩებისა და პარკების განათებაში მერიის ბიუჯეტი წელიწადში ისედაც ხარჯავს დაახლოებით 11-12 მლნ ლარს. 

"ანუ, რა არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ქუჩებიც ჩავაბნელოთ? აღარ გადავიხადოთ ეს 12 მლნ ლარი, რომ თბილისი იყოს ულამაზესი?", - ამბობს კახა კალაძე. 

თბილისის მერი იმ ადამიანებსაც პასუხობს, ვისაც ურჩევნია, რომ ბიუჯეტი საახალწლო განათების ნაცვლად, გაჭირვებულ ადამიანებს მოხმარდეს. კალაძის თქმით, ის უამრავ ადამიანს ეხმარება და მაქსიმალურად ცდილობს, გვერდში დაუდგეს ყველას, ვისაც სახელმწიფოს თანადგომა დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია ცარიელი ქუჩების საახალწლოდ გასანათებლად 616 000 ლარს დახარჯავს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი