კრიმინალური სამყარო ჩართეს, იდენტიფიკაციაზე პოლიციის რეაგირება არანაირი - ხაბეიშვილი არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

"გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში, ლევან ხაბეიშვილი, ამბობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციას "პარლამენტობანას" თამაშში იწვევს. 

"ჩვენ რაში გვიწვევენ, ნახეთ: გვეუბნებიან, რომ პოლიტიკოსობანა ვითამაშოთო. შემოდითო პარლამენტშიო, კი, არჩევნები გაყალბებულია, სასამართლო არ გვაქვსო, ერთი კაცის ნებაზეა ყველაფერიო, ვერაფერს ვერ გადაწყვეტთ თქვენო, აზრი არ აქვს ამ პოლიტიკურ პროცესსო, მაგრამ გაგვასუფთავეთო ჩვენო და დიქტატურა რომ არ ერქვას და ერთპარტიული პარლამენტიო, მოდიო, პარლამენტობანა და პოლიტიკოსობანა ვითამაშოთო", - ამბობს ხაბეიშვილი. 

ლევან ხაბეიშვილი 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მექანიზმებზეც საუბრობს. მისი თქმით, მან სამგორის რაიონში ხმათა დაახლოებით 40% მიიღო.

"27 500 ხმას მათივე დადღაბნილში მოვუყარე თავი, იმაზე მეტს, ვიდრე დედაქალაქის მერმა მოუყარა 2017 წელს სამგორისვე რაიონში. ჩემს ოქმებში, 120 საარჩევნო უბნიდან 57 საარჩევნო უბანზე მეტობითაა ამოსული ბიულეტენი. და ერთ უბანზე, მაგალითად, 115-ე საარჩევნო უბანზე, 96 ბიულეტენით მეტი გაიცა მაჟორიტარულში, ვიდრე ეკუთვნოდათ", - ამბობს ხაბეიშვილი. 

ლევან ხაბეიშვილი საარჩევნო ბიულეტენების დაკარგვაზე და არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც საუბრობს. მისი თქმით, არჩევნების გაყალბებაში ბაღების დირექტორები განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართული.

"ბაღის დირექტორი, ქალბატონი კოხოძე, მესამე მასივში, ჩატში რომ წერდა, ხვალ, 13:00 საათზეო, თეატრში უნდა გამოვცხადდეთ, ხომ იცითო. ჯერ ამ პანდემიის დროს თეატრი სად ნახა და რომელ წარმოდგენაზე მიდიოდა. თეატრი იყო კოდური სიტყვა და იცოდნენ, რომ ჩატებიდან უკვე ჟონავდა ეს ინფორმაციები. როგორ უსირცხვილოდ, როგორი დამდაბლებულები არიან... და უმრავლესობა, ბაღის დირექტორები, ხომ ასე ჰყავდათ დაგეშილები და საგამოძიებო უწყებებში შემიძლია კონკრეტული სახელები და გვარები ვუთხრა, ვინ ვაჭრობდა ადამიანით, ციხეში რომ ადამიანია, იმ ადამიანით ვინ ვაჭრობდა. სოზარ სუბარის შტაბის ხელმძღვანელობა დადიოდა უბან-უბან და ეუბნებოდა, თუ 500 ხმას შემიგროვებ, გამოვუშვებ ციხიდან ან შევუმსუბუქებ სასჯელს", - ამბობს ხაბეიშვილი. 

როგორც ლევან ხაბეიშვილი ამბობს, მან გამოძიებას კონკრეტული პირების იდენტიფიცირებისთვის მიმართა, თუმცა, სამართალდამცავების მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

მისვე თქმით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ისტორიაში შევა, როგორც უპრეცენდენტოდ გაყალბებული არჩევნები და ის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს.

"ბიულეტენები ჩაგვიყარეს, 500 ბიულეტენი დაიკარგა, ქურდულ-კრიმინალური სამყარო ჩართეს, იქ ბაღის დირექტორები თეატრებში დადიოდნენ და ამასობაში, მე ხალხს ვუთხრა, რომ ეს არის არჩევნები და ეს არის მეორე ტური", - ამბობს ხაბეიშვილი.  

ცნობისთვის, "ცესკოს" მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა, ხმათა 39,18% მიიღო. მეორე ტურში სოზარ სუბარი და ლევან ხაბეიშვილი გავიდნენ, თუმცა, ლევან ხაბეიშვილი მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს.

პირველი ტურის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, ლევან ხაბეიშვილმა, საოლქო კომისიას საჩივრით მიმართა. მისი მტკიცებით, დახლოებით 5 000 ხმა "ქართულმა ოცნებამ" 120 უბნიდან მოიპარა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მიმართვა გაავრცელა, სადაც ოპოზიცია "მეგობრებად" მოიხსენია, პარლამენტში შესვლა სთხოვა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი