აღდამის რეგიონი აზერბაიჯანელ სამხედროებს გადაეცათ

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალები აღდამის რეგიონში შევიდნენ.

ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერმინისტრი და რუსეთის პრეზიდენტი 20 ნოემბერს აღდამის რეგიონის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე შეთანხმდნენ.

"ტერიტორიის გასუფთავება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რათა ჩვენი ქვედანაყოფები აღდამის რეგიონში უსაფრთხოდ გადაადგილებულიყვნენ. ამჟამად, ხორციელდება შესაბამისი სამუშაოები ჩვენი სამხედრო ძალებისა და ჯავშანტექნიკის ტერიტორიაზე განლაგების მიზნით", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

დღეს, 20 ნოემბერს, აღდამის რეგიონის ცენტრში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დროშა აღმართეს, ეროვნული ჰიმნი შეასრულეს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეგიონის გადაცემასთან დაკავშირებით, ილჰამ ალიევს, ანგარიში წარუდგინეს.

ამასთან, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჯუმას მეჩეთიც გაათავისუფლეს და პარასკევის ლოცვა აღასრულეს.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ადგილზე რუსული "სამშვიდობო" ძალები შედიან.

შეთანხმების მიხედვით, ფაშინიანი ვალდებულებას იღებს, 20 ნოემბრამდე დაუბრუნოს აზერბაიჯანს სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი აღდამის რაიონი. 25 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს კელბაჯარის რაიონს, ხოლო 1 დეკემბრამდე - ლაჩინის რაიონს. სამაგიეროდ, სომხეთი იტოვებს 5 კილომეტრის სიგანის ლაჩინის დერეფანს, რომლითაც სომხეთი შეინარჩუნებს მიმოსვლას მთიან ყარაბაღთან. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი