რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების გაგზავნის პროცესი უკვე დაიწყო - ისინი ულიანოვსკის აეროპორტიდან U-76-ის ტიპის თვითმფრინავით გადაჰყავთ.
ამასთან, ტერიტიორიაზე, რუსეთის გარდა, თურქეთის ძალებიც განლაგდებიან. ამ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები დღეს სპეციალურ შეთანხმებასაც გააფორმებენ, რომელიც, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მიზნით, ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ცნობისთვის, აზერბაიჯანული წყაროების ინფორმაციით, სომხეთი თანხმდება, გაიყვანოს სამხედრო ძალა კელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონებიდან. ხოლო აზერბაიჯანი ინარჩუნებს აქტიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად გათავისუფლებულ ტერიტორიებს, მათ შორის ქალაქ შუშას. უკვე ცნობილია, რომ აღდამის რაიონი აზერბაიჯანს 20 ნოემბრისთვის, ქალბაჯარი - 15 ნოემბრისთვის, ლაჩინი კი 1-ლი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს.
შეთანხმებას სომხეთში არეულობა მოჰყვა - დემონსტრანტებმა ჯერ პარლამენტისა და მთავრობის შენობები დაიკავეს, მოგვიანებით კი პარლამენტის სპიკერი, არარატ მირზოიანი, მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.