გუშინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირი 31 წლის ლევან ზურაბაშვილია - ის წარმოშობით ბორჯომიდანაა, თუმცა წლები თბილისში, ოჯახთან ერთად, ორხევის დასახლებაში ცხოვრობდა.
მეზობლები ამბობენ, რომ მოთხოვნები, რომლებიც ზურაბაშვილმა ვიდეომიმართვაში დაასახელა, მისი ოჯახის პრობლემებიდან არის გამოწვეული.
ახლობლები ამბობენ, რომ ზურაბაშვილის ოჯახმა რამდენიმე წლის წინ საცხოვრებელი სახლი გაყიდა, მამის გარდაცვალებისა და პანდემიისგან გამოწვეული უმუშევრობოს გამო კი მათ კიდევ უფრო გაუჭირდათ.
"ძალიან დადებითი ბიჭია და არ ვიცი ეს რამ გააკეთებინა. ალბათ, ბოლოს აღარ შეეძლო ვალების გადახდა, სამსახურიც აღარ ჰქონდა პანდემიის გამო. არ მოველოდი - გამიკვირდა და გული დამწყდა", - ამბობს მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ ლევან ზურაბაშვილი გუშინ თბილისში, მიკროსაფინანსო MBC-ში არსებული ინფორმაციით, ხელყუმბარით შეიჭრა და 9 მძევალთან ერთად დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა შენობაში.
თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი დააკავა, შსს-ს განცხადების თანახმად, ლ.ზ.-ს ყაჩაღობის მუხლი მოეხსნა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.
თავდამსხმელმა მოთხოვნები Facebook Live-ს საშუალებით გააჟღერა. ზურაბაშვილი საბანკო სესხებზე პროცენტების დაკლებას, პენსიონერებისთვის წამლების გაიაფებასა და აზარტული თამაშების აკრძალვას ითხოვდა.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი