უკონტროლო კრიმინალი და უმოქმედო ხელისუფლება - ოპოზიცია ძალოვანი უწყებების ხარვეზებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

გაძარცვული ბანკები, სავაჭრო ობიექტები, მკვლელობის გახშირებული შემთხვევები - ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება ყოველდღიურად რთულდება. 

ოპოზიცია ძალოვან უწყებებში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე საუბრობს და უკონტროლო კრიმინოგენულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფელბას აკისრებს. 

"როდესაც სახელმწიფო კრიმინალს იყენებს არჩევნებისთვის, როდესაც კანონი დამნაშავეების წინააღმდეგ არ მოქმედებს და არ არსებობს პოლიტიკის გავლენისგან თავისუფალი საგამოძიებო უწყებები - ამ სიტუაციაში, ცხადია, კიდევ უფრო გამძაფრდება კრიმინალური ვითარება", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე. 

თავის მხრივ, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, სერგი კაპანაძე, ფიქრობს, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისადმი არაჯანსაღმა დამოკიდებულებამ - შინაგან საქმეთა მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსანთა მხრიდან - კიდევ უფრო წაახალისა დანაშაული. 

"არ გამოვრიცხავ, რომ MBC-ზე თავდასხმის კონკრეტული შემთხვევაც განპირობებული იყოს წახალისების პოლიტიკით. ზოგადად, კრიმინოგენული ვითარება რომ უმძიმესია, ამას ყველა სტატისტიკა მოწმობს", - თქვა კაპანაძემ. 

ამასთან, ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ხელისუფლება და კრიმინალური სამყარო უკვე ერთიან კლასტერად ჩამოყალიბდა". 

"შეიძლება ითქვას, რომ "ოცნება" უკვე ხელმძღვანელია კრიმინალური სამაყროსი, ისინი ერთობლივად მოქმედებენ და ეს ვნახეთ არჩევნებზეც", - თქვა "ლელო"-ს წევრმა, ლევან სამუშიამ. 

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 1 თვის წინ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა, სპეცრაზმს რამდენიმესაათიანი წინააღმდეგობა გაუწია, საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა, მოგვიანებით კი ხელყუმბარითა და ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი დოლარით, რამდენიმე მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა და მიიმალა - ბადრი ესებუას შსს იმ დღიდან მოყოლებული ეძებს.

რაც შეეხება MBC-ზე თავდასხმას, თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი გუშინ შეიჭრა. სპეცოპერაცია ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი