პარლამენტში იმიტომ არ შევდივართ, რომ საქართველოში ბელარუსის ან უკრაინის სცენარი არ განმეორდეს - ბოკერია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს იმიტომ ამბობს, რომ საქართველოში ბელარუსის ან უკრაინის სცენარი არ განმეორდეს.

90-იან წლებში ბელარუსი უკრაინაზე წინ იყო, მაგრამ მერე მოვიდა კაცი, რომელმაც გატეხა პოლიტიკური კლასის ნება ნაბიჯ-ნაბიჯ, რეპრესიებითა და არჩევნების გაყალბებით და დღემდე ფასს იხდის ეს ქვეყანა და ეს ხალხი, რომელიც ევროპის შუაგულშია. ანუ დიდი ფასი აქვს ქვეყნისთვის, თუ შეეგუები, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. და მეორე გზა არის ასევე ტრაგიკული მსხვერპლის ფასად უკრაინაში იანუკოვიჩის, ამ ქვეყნის მოღალატის დამარცხება", - ამბობს ბოკერია. 

როგორც გიგა ბოკერია ამბობს, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში დარღვევები გასულ წლებშიც დაფიქსირებულა, თუმცა, ეს არჩევნები იმით იყო განსაკუთრებული, რომ ხელისუფლებას უსამართლო ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უსამართლო საარჩევნო გარემო არ ეყო და შედეგები - გამარჯვებული და დამარცხებული - შეცვალა.

"არჩევნების დღეს ხმის მიცემისას და დათვლისას მანიპულაციებით, გაკონტროლებული ხმებით, ბიძინას კარუსელებით, ჩაყრით შეცვალეს გამარჯვებული და დამარცხებული. არ ყოფნიდათ უსამართლო საარჩევნო გარემო იმ შედეგისთვის, რომ ივანიშვილს შეენარჩუნებინა ძალაუფლება. და თუ ასეთი პროცესის შედეგად მიღებულ შედეგს აღიარებ და კურთხევას აძლევ მონაწილეობით, ამით ურტყამ თვითონ არჩევნების იდეას", -ამბობს ბოკერია.

თუმცა, გიგა ბოკერიას აზრით, ნორმალურ პირობებში ჩატარებული არჩევნების დროს, ოპოზიცია პარლამენტში  დამარცხების შემთხვევაშიც უნდა შევიდეს, რათა ხელისუფლებას ჯანსაღი ოპონირება გაუწიოს.

"ჩვენთან იყო ცოტა არანორმალური გაგება ზოგიერთი მიმომხილველისგან, რომ მაინც ხომ ვერ გაგაქვთ თქვენი, რატომ უნდა იყოთ. ეხლა ეგ დაანგრევდა საერთოდ დემოკრატიას. ვიღაც იგებს, ვიღაც აგებს. შედიხარ იმიტომ, რომ ეს ტრიბუნა გამოიყენო. ეცადო, რომ რაც მცდარად მიგაჩნია, ნაკლებად გააკეთებინო მთავრობას", - ამბობს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პოლიტპატიმრების გათავისუფლება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი