"ოცნების" უზენაესი საბჭო - უპრინციპო მე-10 მოწვევის პარლამენტი

გამოქვეყნდა:

თითქმის საუკუნოვანი ისტორია, როცა ლავრენტი ბერიას დედა, საკუთარ შვილს, უზენაესი საბჭოს დეპუტატად ირჩევს, გუშინ კიდევ ერთხელ განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 17 ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობდა,  ცხადი იყო, რომ 2002 საარჩევნო უბნის გადათვლის შემდეგ, მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი პარლამენტის ნაცვლად, კარგად ნაცნობ, ერთპარტიულ ორგანოს, "ოცნების" უზენაეს საბჭოს მივიღებდით.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანას 90 დეპუტატით დაკომპლექტებული ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება, რადგან 8 ოპოზიციური პარტიის, დეპუტატობის 60 კანდიტატი თვლის, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. 

ამის შემდეგ, "ევროპული საქართველოს" ხუთი წევრი, რომლებიც ამ მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით მოხვდნენ, ყველა ოპოზიციონერი კოლეგის მსგავსად, ახლადარჩეული პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერენ ინდივიდუალურ განცხადებებს და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ. 

ოცნების პოლიტიკური მდივანი ოპოზიციის ბოიკოტს შანტაჟის შეფასებას აძლევს. 

სამთავრობო და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები, შუამავლების დახმარებით, ჯერ ისევ გრძელდება, თუმცა ამ მომენტისთვის ოპოზიციის პოზიცია უცვლელია. 

აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ყველაზე არხეინად ყოფნის საშუალება, საქართველოს პრეზიდენტს ექნება, რადგან ობიექტური წინაპირობის არსებობის შემთხვევაშიც კი, ქვეყანაში არ იარსებებს ინსტიტუცია, რომელიც მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს. 

პარლამენტში მარტო დარჩენილი "ოცნება" გარდა იმისა, რომ ვერასდროს წამოიწყებს იმპიჩმენტის პროცედურას და ვერ განახორციელებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის ასევე ვერ გადააყენებს კომუნიკაციის კომისიის წევრს, უნდობლობას ვერ გამოუცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრს.  

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველივე მუხლში, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია ჩამოთვლილი. გამოდის, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში უპრინციპო იქნება, რადგან ა,ბ და გ პუნქტები: ხალხის ინტერესების უზენაესობა, მრავალპარტიულობა და წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის პირველი სხდომა, არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღეში უნდა ჩატარდეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი