ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს შორის. ოპონენტები პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზას ვადამდელ არჩევნებში ხედავენ, თუმცა მმართველი პარტიის პასუხი ამ დრომდე უცნობია.
ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნამდე, ოპოზიცია კვლავ ერთსულოვანია და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.
"ჩვენი მოთხოვნები არის ხელახალი არჩევნები, "ცესკოს" ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს მოთხოვნები არის ძალაში და ახლა, მესამე რაუნდზე, უკვე ველოდებით, რა წინადადებებით მოვა ამ მოლაპარაკებაზე ხელისუფლება. ჩვენ, შეიძლება, ვისაუბროთ, რა სამართლებრივი ფორმა მიეცეს ამ ახალ არჩევნებს - ეს იქნება ხელახალი არჩევნები, ვადამდელი თუ რიგ გარეშე, მაგრამ ის, რომ ჩვენ ახლა შევიდეთ პარლამენტში და ველოდოთ, როდის რა მოუვა თავში ბიძინა ივანიშვილს, ამას ნამდვილად არ ვაპირებთ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი.
ამასთან, როგორც ოპოზიციის წევრები ამბობენ, მათი გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებითაც უცვლელია.
"ეს არის ტერორისტის თამაში, როდესაც გეუბნება, რომ მე ცუდად ვიქცევი და გაშინებ და შენ უნდა დაშინდე და შემომყვე ამ თამაშში. ჩვენ არ ვაპირებთ ამ თამაშში ჩაყოლას იმიტომ, რომ ეს უარეს შედეგს მოგვცემს, ვიდრე ერთპარტიული პარლამენტი", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ლევან თარხნიშვილი.
რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველ პარტიაში მესამე რაუნდთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პოლიტპატიმრების გათავისუფლება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად რჩება.