იპოვეთ აუცილებელი კომპრომისი ახალი დიალოგის გზით - ევროპარლამენტარები

გამოქვეყნდა:

4 ევროპარლამენტარი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  

ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რომ ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღო.

“ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ იბრძოდნენ მანდატებისთვის მეორე ტურში. მოვითხოვთ, არსებული ხარვეზები იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით, რომელიც შეასრულებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და ეს მოხდება პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის აქტიური ჩართულობით.

მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებასა და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ პირველი ტურის შედეგად გამოქვეყნებულ გამოხმაურებას. მეორე ტურის შემდეგ, ჩვენ ველოდებით ყველა საფუძვლიანი საჩივრის სამართლიან და გამჭვირვალე განხილვას. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რათა შეგვეფასებინა საქართველოს მთავრობის და ყველა პოლიტიკური პარტიის პოზიცია დემოკრატიული პროცესებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის საკითხში." – ნათქვამია განცხადებაში,

ევროპარლამენტარები ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კოპრომისოს პოვნისკენაც მოუწოდებენ. 

“მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და სიმწიფე, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და იპოვონ აუცილებელი კომპრომისი ახალი დიალოგის გზით, რომლის ფასილიტატორები საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები არიან, რათა პარლამენტმა შეუფერხებლად იმუშაოს, ვინაიდან ის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილნი, უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და ამასთან, უნდა გაითვალისწინონ საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზა” - წერია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი