
პრემიერმინისტრი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და „თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ესწრებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა საქართველოზე და მთავრობის ეკონომიკური გეგმა
ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა ის ეკონომიკური გამოწვევები დაასახელეს, რომელთა ასახვა ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიან გეგმაში მათი აზრით მნიშვნელოვანია.
აღინიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან, მაქსიმალურად შენარჩუნდეს და აღდგეს სამუშაო ადგილები და გაუმჯობესდეს მოსახლეობის შემოსავლების დონე.
საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით იგეგმება.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, კიდევ უფრო გაძლიერდეს კოორდინაცია და თანამშრომლობა საქართველოს მთავრობას, ბიზნესსა და ეროვნულ ბანკს შორის." - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.