თალაკვაძე არ ჩანს - მესამე რაუნდის თარიღი უცნობია, ოპოზიცია სიების განულებას აპირებს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციამ, რომელიც დღეს გეგმებზე მსჯელობისთვის ლელოს ოფისში შეიკრიბა, კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტებები საერთაშორისო პარტნიორებისთვის - გაყალბებული არჩევნებზე ხელს არ მოაწერენ და ივანიშვილის პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ. 

ოპოზიცია "ქართული ოცნებისგან" ელოდება რომ მოლაპარაკებაზე ბიძინა ივანიშვილისგან გაგზავნილი  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, კონკრეტული წინადადებით მივა და დასახელებული იქნება განმეორებითი არჩევნების თარიღი და სამართლებრივი გზა ხელახალი კენჭისყრის ჩასატარებლად. 

არჩილ თალაკვაძე მედიასთან მეორე რაუნდის შემდეგ აღარ გამოჩენილა. მმართველ პარტიას უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის კომენტირებისთვის მედიასთან ე.წ. ახალი სახეები გამოჰყავს, ანუ ის პირები ვინც რეალურად პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები საერთოდ არ არიან. 

ასე მაგალითად, ქართული ოცნების საპარლამენტო სიის 42-ე ნომერი ამბობს, რომ მესამე რაუნდისთვის მზად არიან ყველა საკითხზე იმსჯელონ, გარდა განმეორებითი არჩევნებისა. 

დღის ბოლოს კი ოცნების გენერალურმა მდივანმა, რომელმაც ოპოზიციას რამდენიმე დღის წინ თანამშრომლობისა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა, რიტორიკა შეცვალა. კახი კალაძე ვერ ხედავს პრობლემას თუ ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება. 

ივანიშვილის ყოფილ თანაგუნდელებს, ვისაც მმართველ პარტიასთან მუშაობის გამოცდილება აქვთ, არ აქვთ იმედი რომ ოლიგარქს ადეკვატურობა დაუბრუნდება. 

ოპოზიცია მოთხოვნებს არ ცვლის, ირაკლი კობახიძე კი ოპონენტებს ემუქრება, რომ სადეპუტატო უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს.

პოლიტიკური პარტიები კი ვინც ბარიერი გადალახა ახლა მუშაობენ იმ გზებზე, რომელიც სიების განულებას სამართლებრივად გააფორმებს. ეს პროცედურა მაშინ დაიწყება, როდესაც "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება და ფორმალურად 150 -ვე დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობენ. 

პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს  10 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. იმ დღეს როდესაც მარტო დარჩენილი ქართული ოცნება პირველ სხდომას გამართავს, ოპოზიცია მათ პარლამენტის გარეთ აქციით დახვდება. როგორი ფორმით ჩატარდება საპროტესტო აქცია, გადაწყვეტილება ჯერ ოპოზიციურ ერთობას არ მიუღია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი