საქართველოში დეკემბრის პირველ კვირაში კოვიდინფიცირებისა და სიკვდილიანობის შემთხვევები გაიზრდება - ეს საქართველოსთან მიმართებით ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის გათვლებია. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეც, ადასტურებს და ამბობს, რომ კორონაეპიდემია ქვეყანაში უკვე პიკში შედის და თუ შეზღუდვები არ გამკაცრდება, პიკი, შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს.
ჯანდაცვის ექსპერტები კი, ამბობენ, რომ გამოსავალი ახლა შეზღუდვების დაწესებაშიც ვეღარ იქნება.
"გაიდლაინებია გასაწერი, რასაც, იმედია, მთავრობა გააკეთებს და სამინისტრო. იმედია, ამისთვის ეკონომიკის მოკვლა არ დაგვჭირდება და მთელი ქვეყნის გაჩერება. საბედნიეროდ, უკვე გვაქვს მაგალითები, როგორ მოხდა ამის მართვა, მაგალითად, სლოაკეთში და შეგვიძლია, ეს მოდელი გავიმეოროთ", - ამბობს ექიმი გიორგი ხურციძე.
სპეციალისტები სისტემაში არსებულ ქაოსსა და ხელისუფლების უუნარობაზე საუბრობენ.
"მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, დროულად მიიღოს საკადრო ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროში და იგი დაკომპლექტდეს პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკვალიფიციური კადრი. ჩვენისთანა მცირე ერისთვის, ყოველდღიურად 30-40 ოჯახის გაუბედურება გახლავთ კატასტროფა. ჩაერთოს საქმეში თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამსახური, რომელსაც გააჩნია აბსოლუტურად აღჭურვვილი კლინიკური ჰოსპიტლები", - ამბობს "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელი, ვილი პაჭკორია.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, 24 ნოემბერს, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა.
ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ახალი წერტილოვანი შეზღუდვები სავარაუდოდ დეკემბრიდან ამოქმედდება.