აუცილებელია დავამატოთ, გავაფართოვოთ შეზღუდვები, რაც შეიძლება მკაცრი მასშტაბით - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დეკემბრის პირველი კვირა კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის ზრდის კუთხით განსაკუთრებით საყურადღებო იქნება და მომავალში აუცილებელია შეზღუდვები გამკაცრდეს. ამ თემაზე მან ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის დათვლის მიხედვით ისაუბრა.

"გვიკეთებს პროგნოზირებას, მათი გათვლების მიხედვით, რომ სადღაც დეკემბრის პირველ კვირაში უფრო გვექნება შემთხვევათა ზრდა და პირდაპირ არის მითითებული - თუ არ შემოვიღეთ და უფრო არ გავამკაცრეთ არსებული შეზღუდვები, პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. დაყრდნობით, კიდევ სხვა კვლევებისა, საქართველომ აუცილებელია, რომ გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება და დაამატოს და გავაფართოვოთ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო ამ თემაზე გადაწყვეტილებას უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიიღებს.

გამყრელიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ დღევანდელმა მონაცემებმა არ უნდა დაგვამშვიდოს, რადგან პიკში შევდივართ და ინფიცირებულთა რაოდენობის მატება გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი