უკვე სამ კვირაზე მეტია, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციები იმართება

გამოქვეყნდა:
განახლდა:

ოპოზიციის საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ეპიცენტრად ბათუმი რჩება, სადაც უკვე სამ კვირაზე მეტია, მთავრობის სახლთან კარვებია გაშლილი. ოპოზიციის მხარდამჭერები 31 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებს სწორედ ამ ფორმით აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი  იქამადე გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო მიზანს არ მიაღწევენ.

აჭარის მთავრობის სახლთან დამონტაჟებულ მონიტორზე ის სასამართლო პროცესიც აჩვენეს, რომელიც ორგანიზაცია "ალტერნატივას" 5 წევრის საქმეს ეხება. ისინი 21 ნოემბერს ბათუმის საოლქო კომისიასთან გამართული აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ხელწერილით გამოუშვეს. საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

"სოლიდარობას ვუცხადებთ "ალტერნატივის" იმ 5 წევრს, რომლების დასჯასაც ადმინისტრაციული ჯარიმებით ან პატიმრობით აპირებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ ოპოზიციის მხარდამჭერები, ისინი გვიგზავნიან მათ აქტივისტებს, რათა წამოგვაგონ პროვოკაციაზე, მათ სურთ ჩვენი დაშლა, მაგრამ ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ", - ამბობს "ალტერნატივას" წევრი, ჯუნა ბახტაძე. 

ოპოზიციის წევრების თქმით, 29 ნოემბერს, კვირას, 15:00 საათზე, ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. 

"29–ში კვირას სამ საათზე იქნება უფრო ფართო მასშტაბიანი აქცია სადაც ველოდებით აჭარის მოსახლეობას, ვინც ფიქრობს, რომ აჭარის მოსახლეობას მოპარა ხმები, ბიძინა ივანიშვილის ხელდასმულმა კომისიის წევრებმა" – ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი.

ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია, ისინი 31 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ, მათ ახლადჩამოყალიბებული ორგანიზაციის "იმოქმედეს" და "არ დათმოს" წევრები უერთდებიან, რომელთა მთავარი მესიჯი გაყალბებული არჩევნების არ დათმობაა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი