რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო დამძიმდება, ყველაზე მწვავე ნიშნულს ეპიდემია დეკემბერში მიაღწევს - ასეთია სპეციალისტების პროგნოზი.
ეპიდემიოლოგები უკვე აღარ მალავენ, რომ ქვეყანაში გაცილებით მეტ ადამიანს უდასტურება კორონავირუსი და სტატისტიკა რეალურ სურათს არ ასახავს.
რაც შეეხება კლინიკებს, ვითარება ყოველდღიურად რთულდება - უმძიმესი ისტორია თბილისის ერთერთ კლინიკაში ხანდაზმულ პაციენტს გადახდა. 70 წლის კაცი საავადმყოფოში გულის ქრონიკული პათოლოგიით შეიყვანეს, 2-დღიანი მკურნალობის შემდეგ COVID-19 დაუდასტურდა. სამკურნალო ცენტრში პაციენტების ჭარბი რაოდენობის გამო ექიმები სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდნენ, პალატაში კი, სადაც გულით ავადმყოფი კოვიდდადასტურებული პაციენტები იწვნენ, ორი ადამიანი გარდაიცვალა. 70 წლის კაცი მთელი ღამის განმავლობაში გარდაცვლილთან ერთად დატოვეს - მეორე დღეს კი თავად ეს კაციც გარდაიცვალა.
მძიმე მდგომარეობაშ არიან თავად მედიკოსებიც. ბათუმში დღეს კორონავირუსით უკვე მეექვსე ექიმი დაიღუპა - მას თანხმლები დაავადებები არ ჰქონია.
ამ ყველაფრის ფონზე, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს თქვა, რომ გუშინდელის შემდეგ თავისუფალი საწოლების რაოდენობა კიდევ გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 364 ადგილია კოვიდპაციენტების მოლოდინში.
ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდვითარების მიუხედავად, პანდემიის პიკი ჯერ ისევ არ დამდგარა. სპეციალისტები ვარაუდობენ რომ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ეპიდემიის ყველაზე მწვავე ნიშნულს კი დეკემბრის ბოლოსთვის ელოდებიან.