დიეგო არმანდო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. იტალიის ქალაქ ნეაპოლში, რომლის კლუბ „ნაპოლიში“ დიეგომ 7 წელი გაატარა, გაჩნდა იდეა, სტადიონს სწორედ მისი სახელი დაერქვას.
ლეგენდად 1986 წელს იქცა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებს გამარჯვება მოუტანა და გულშემატკივრებს თავი რამდენიმე დაუვიწყარი მომენტით დაამახსოვრა. ამავე პირველობაზე გაიტანა არგენტინელმა თავის კარიერაში ყველაზე სკანდალური გოლი, როდესაც ინგლისის ნაკრებს ბურთი კარში ხელით შეუგდო და ამას თავხედურად „ღმერთის ხელი“ უწოდა.
არგენტინელი ლეგენდის გარდაცვალებამ მთელი საფეხბურთო სამყარო, მათ შორის დაუძინებელი მტრები გააერთიანა. რონალდინიო, რონალდო, კანავარო, ზიდანი და სხვა არაერთი ცნობილი ვარსკვლავი მარადონას გარდაცვალებას საფეხბურთო ტრაგედიად მიიჩნევენ და სპორტში დატოვებული კვალისთვის მადლობას უხდიან.
დიდი საფეხბურთო კარიერისა და მსოფლიო აღიარების გარდა, დიეგო მარადონას ცხოვრებაში მრავლად იყო ცუდი მოვლენები. ფეხბურთელი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო არაერთ სკანდალში გაეხვა, თუმცა ამან მის სახელ ჩრდილი ვერ მიაყენა.
ვერც 1994 წლის ამერიკის მუნდიალზე მომხდარმა დოპინგ სკანდალმა ვერ წაშალა მისი კვალი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.
საფეხბურთო სამყარომ დიდი ფეხბურთელი დაკარგა - ასე ეხმაურებიან ქართული ფეხბურთის ლეგენდები არგენტინელის გარდაცვალებას.
ქართველ გულშემატკივრებს 2010 წელს დიეგოს თბილისში ჩამოსვლა და დინამო არენაზე საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობაც მუდამ ემახსოვრებათ.
ქართველი გულშემატკივარი მარადონას ოკუპირებულ ცხინვალში ვიზიტისა და კოკოითთან შეხვედრას ვერ პატიობს. არგენტინელი ფეხბურთელი რუსეთის პრეზიდენტსაც ანებივრებდა საკუთარი ვიზიტით.
არგენტინის პრეზიდენტმა მისი ცხედარის პრეზიდენტის სასახლეში დასვენების ბრძანება გასცა. ბომბონერას ნაცვლად დღეს კასა როსადას სასახლეა ადგილი, საიდანაც მილიონობით გულშემატკივარი დიეგო არმანდო მარადონას უკანასკნელ გზაზე გააცილებს.